20 წლის სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ ციხიდან უჩივლა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე ავრცელებს.
ცეცხლაძე პაპუაშვილს უჩივის პატივისა და ღირსები შელახვის საფუძვლით. დავის საგანია პაპუაშვილის განცხადებები, სადაც ის ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტს უწოდებს.
“გუშინ ზვიადმა შეხვედრის დროს მითხრა რომ, “ადამიანის ღირსება არის უპირატესი ადამიანის სიცოცხლეზეც კი, რამეთუ სიცოცხლე არის დროებითი ხოლო ღირსება მარადიული”. ასეთი ბიჭის ღირსების შელახვა დააპირა უღირსმა პაპუაშვილმა და არ დავანებებთ, ისე როგორც არ დავანებებთ ამ მოღალატე ხელისუფლებას, ქიმიური იარაღით ადამიანების მასობრივ მოწამვლას, ქართული წმინდა მიწების გაყიდვას, ემიგრანტებისათვის ხმის უფლების წართმევას, განათლების სისტემის განადგურებას, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებას და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურებას.
მოგიწოდებთ ყველას, დღეს კიდევ ერთხელ გადავახიოთ თავზე ამ მოღალატე ოცნების რეჟიმს, მის მიერ მიღებული კანონი, ისე როგორც გადავახიეთ ოქმების შემთხვევაში, პირბადეების შემთხვევაში, რუსთაველის გადაკეტვისა და სხვა შემთხვევებში. ამას კი ჭირდება ადამიანების მასობრივად ქუჩაში გამოსვლა, ჯიუტი და გამბედავი პროტესტი, შიშის განდევნა და მედგარი ბრძოლა ბოლომდე”, – წერს
შალვა პაპუაშვილი 20 წლის ზვიად ცეცხლაძეს “სასამართლოს მიერ დადასტურებულ ტერორისტს” უწოდებს, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განაჩენითაც კი დეზინფორმაციაა.
პაპუაშვილმა ეს ფრაზა თქვა ევროკავშირის ელჩთან მიმოწერის კრიტიკის კონტექსტში. შემდეგ კი განაცხადა, რომ არსებობს სასამართლო განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია, რომ ის იყო ძალადობის ორგანიზატორი და “ამას, საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ჰქვია ტერორიზმი”.
პაპუაშვილმა ცეცხლაძეს ტერორისტი პირველად 22 ოქტომბერს, ფეისბუქ-პოსტში უწოდა, რომლითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ცეცხლაძისთვის მიწერილ წერილს. იქამდე ცეცხლაძემ თავად მისწერა წერილი ელჩს და სთხოვა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, რომ ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაცია არ გაეუქმებინათ. რეალურად, მუხლი, რომლითაც ცეცხლაძეს 2,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, გულისხმობს “ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს”.
მართალია, თავდაპირველად სახელმწიფო ბრალდება ცეცხლაძეს “ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებას ედავებოდა”, მაგრამ 9-თვიანი განხილვის შემდეგ პროკურატურამ ამ ბრალდების დამტკიცება მოსამართლე მჭედლიშვილის თვალშიც კი ვერ შეძლო.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცეცხლაძეს ბრალი “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის” ორგანიზებამდე გადაუკვალიფიცირა. მჭედლიშვილის განაჩენში “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა” განმარტებულია როგორც საჯაროდ ლანძღვა-გინება, სხვადასხვა საგნის სროლა, ბარიკადების მოწყობა სპეცრაზმელებისგან თავის დასაცავად და ა.შ.
ადვოკატები მჭედლიშვილის მიერ გამოტანილ განაჩენსაც დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს – ისინი ამტკიცებენ, რომ ზვიად ცეცხლაძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
მუხლი (226), რომლითაც ზვიად ცეცხლაძეს პატიმრობა მიუსაჯეს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ტერორიზმი ისჯება მხოლოდ პატიმრობით – 10-დან 15 წლამდე.




