სინგაპურის სასამართლოს ბოლო განაჩენი ივანიშვილის დავაზე, რომელიც საქართველოში არ გავრცელებულა

სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ სა და აწ უკვე გაკოტრებული შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ დავაზე საქართველოს ექსპრემიერის სასარგებლოდ განაჩენი გამოიტანა.
საქმე ეხება ივანიშვილის კუთვნილი ფულის ბანკირ პიერ ლესკადრონის მიერ მითვისებას.
განაჩენი სასამართლომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში გამოიტანა, თუმცა „ნეტგაზეთმა“ მას მხოლოდ ახლა მიაკვლია ივანიშვილის უცხოელი ადვოკატების ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ განაჩენის შესახებ არაფერი უთქვამთ ივანიშვილის ქართველ წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც წესი, ხშირად ავრცელებდნენ ხოლმე ინფორმაციას ივანიშვილისა და ბანკის დავაში ახალ ამბებზე. იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნების” მესიჯბოქსი ივანიშვილს “გლობალური ძალებისაგან” ჩაგრულ ადამიანად წარმოაჩენს, რომელიც თითქოს “ფაქტობრივი სანქციების” ქვეშ იმყოფება, განაჩენი, რომლითაც მან შვეიცარიული ბანკი კიდევ ერთ დავაში დაამარცხა, არც “ქართლ ოცნებასთან” აფილირებულ მედიას გაუვრცელებია.
სააპელაციო სასამართლოში სარჩელი „კრედიტ სუისმა“ შეიტანა – ისინი არ დაეთანხმნენ ქვედა ანუ პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ კომპენსაციის გამოთვლის სქემას. როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლომ „კრედიტ სუისი“ ივანიშვილთან დავაში გაამტყუნა. მაშინ, 2023 წლის ნოემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ „კრედიტ სუისს“, რომელიც ბანკმა UBS-მა შეისყიდა, ივანიშვილისთვის 742 მილიონი დოლარის [და ამ თანხის დამატებით 5,33%] და დავაში გაწეული ხარჯების, თითქმის 7,3 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა.
რა გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლომ
სააპელაციომ დიდწილად ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება კომპენსაციის ოდენობასა (742 მლნ დოლარი) გამოთვლის მეთოდოლოგიაზე, ხოლო ცვლილებები შეეხო სხვა მოსარჩელისთვის განკუთვნილ კომპენსაციას. ივანიშვილის კომპენსაციაში მოაზრებულია არამხოლოდ ის თანხა რაც მან დაკარგა, არამედ ის ფულიც, რასაც ის იდა თუ პატრიკ ლესკადრონი ზემოხსენებულ თაღლითობას არ ჩაიდენდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის კომპენსაციას უნდა გამოაკლდეს თანხები იმ ჰეჯ-ფონდებში ინვესტიციებიდან, რომლებზეც მან 2008-11 წლებში პირადად გასცა ნებართვა.
შვეიცარიული ბანკის პასუხი ნეტგაზეთს
შვეიცარიულ ბანკ UBS-დან ნეტგაზეთს მისწერეს, რომ „მხედველობაში იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი ნაბიჯით აახლოებს სინგაპურში სამართლებრივი დავის დასრულებას“. ჩვენს სხვა კითხვებს – აპირებენ თუ არა დავის გაგრძელებას, ან ზოგადად, რა ფაზაშია ბანკისა და ივანიშვილის დავა სხვადასხვა იურისდიქციებში, – ბანკის პრესსამსახურმა არ უპასუხა.
UBS ის ბანკია, რომელმაც გაკოტრებული “კრედიტ სუისი” იყიდა.
დავა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისს“ [ახლა მას UBS ფლობს] შორის, – რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, – წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.
ეს დავები [მათ შორის სინგაპურში] ერთი მხრივ ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების გაფლანგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს.
ივანიშვილის წარმომადგენლებმა „კრედიტ სუისთან“ მეორე დავის დაწყების შესახებ საჯაროდ 2022 წლის მაისში განაცხადეს, ივანიშვილის კუთვნილი თანხების არგადაცემის გამო. ივანიშვილის მხარის თანახმად, ბანკი თანხის არგაცემას ჯერ „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკურ ვითარებით“, შემდეგ კი ევროპარლამენტის რეზოლუციით ხსნიდა, რომელშიც იყო მოწოდება ყოფილი პრემიერის სანქცირებისკენ.
პოლიტიკურ შანტაჟზე, „საქართველოს ომში ჩათრევის“ კონსპირაციის კონტექსტში, საუბრობდნენ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერებიც. მათი თქმით, ივანიშვილი დე ფაქტო სანქცირებულია, რათა აიძულონ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესში. ამის საპირისპიროდ, ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება, რომელიც თურმე „ფაქტობრივად სანქცირებულია“, კლების ნაცვლად იზრდება.