სინგაპურის კომერციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“, რომელიც მიმდინარე წელს ბანკ „იუ-ბი-სი“-მ შეისყიდა, საქართველოს ყოფილი პრემიერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის 742 მილიონი დოლარის [და ამ თანხის დამატებით 5,33%] და დავაში გაწეული ხარჯების, თითქმის 7,3 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა.
მოსამართლის გადაყწვეტილებით, ეს თანხა ბანკმა 23 ნოემბრამდე უნდა შეიტანოს სასამართლოში, რომელიც ამ აქტივს ან ივანიშვილს გადასცემს, ან ბანკს დაუბრუნებს – იმისდა მიხედვით, თუ რას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო, რომელშიც ბანკმა კომერციული ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა
დავა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისს“ შორის, – რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, – წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.
ეს დავები [მათ შორის სინგაპურში] ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების დაკარგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს.
ივანიშვილის წარმომადგენლებმა „კრედიტ სუისთან“ კიდევ ერთი დავის დაწყების შესახებ საჯაროდ 2022 წლის მაისში განაცხადეს, ივანიშვილისთვის კუთვნილი თანხების არგადაცემის გამო.
ივანიშვილის მხარის თანახმად, ბანკი თანხის არგაცემას ჯერ „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკურ ვითარებით“, შემდეგ კი ევროპარლამენტის რეზოლუციით ხსნიდა, რომელშიც იყო მოწოდება ყოფილი პრემიერის სანქცირებისკენ.
პოლიტიკურ შანტაჟზე, „საქართველოს ომში ჩათრევის“ კონტექსტში, საუბრობდნენ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერებიც.
ამ თემაზე გირჩევთ:
· „კრედიტ სუისი“ იყიდება – რას უქადის ეს ივანიშვილს?