საქართველოში უცხოელი დასაქმებულები მომრავლდნენ, ყველაზე მეტად არაქართულენოვანი თანამშრომლები საკურიერო ბიზნესში და სამშენებლო კომპანიებში დასაქმდნენ. მიზეზად შრომით ბაზარზე წარმოქმნილი დეფიციტი სახელდება, რომლის დაბალანსება ბიზნესმა ამ გზით შეძლო.
მუშახელის დეფიციტზე საუბრობენ სარესტორნე ბიზნესშიც და პრობლემის სათავედ კვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გასვლას ასახელებენ. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელ კოტე გაბრიჩიძის თქმით, იძულებულები არიან მზარეულებად თუ მიმტანებად უცხოელები დაიქირავონ.
“ჩვენ დავკარგეთ კვალიფიციური კადრები, უამრავი კვალიფიციური კადრი, რომლებიც მუშაობდა და სიმწრით გაზრდილი იყო, წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ და იქ არაკვალიფიციურ სამუშაოს ასრულებენ”, – აღნიშნა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და დასძინა, რომ მსგავსი ვითარებაა კიდევ ბევრ ქვეყანაში. მათ შორის იტალიაშიც.
“მთელი იტალია ტირის, რომ იტალიელები მიდიან და მუშაობენ ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ხოლო იტალიის რესტორნებში მუშაობენ არაბები, ირანელები, ინდოელები. ამ მიგრაციით არის მოცული მთელი მსოფლიო, თუ ჩაკეტილი არაა, როგორც ჩრდილოეთ კორეა”, – განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში მიმტანად მუშაობა ჯერ კიდევ ბევრს ეთაკილება, რის გამოც მათ უჭირთ სასურველი ადგილობრივი კადრების დაქირავება.
“ასეთ გარემოში გვიწევს ოპერირება. ჩვენ გვინდა, რომ მიმტანი იყოს ქართველი, ტაქსის მძღოლი იყოს ქართველი, მაგრამ ძალიან ბევრს ეთაკილება მიმტანად მუშაობა. იმის თქმა, რომ ჩემი შვილი პრინცესაა და არ დავუშვებ, მიმტანად იმუშაოს, და თან რესტორანში მიმტანი ქართველი რომ არ არის, ამაზე ვწუხვართ, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია,” – აღნიშნა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ.
