“განათლების წინა მინისტრი გაცოფდა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვუთხარი, რანაირად შეიძლება სკოლებმა დაგიჯეროთ რომ მათთვის მეტი ავტონომია, მეტი თავისუფლება გინდათ, როდესაც თქვენ მოადგილედ პოლიციელი დანიშნეთ-თქო. რას ამბობ, განათლების სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები გაატარა ამ ადამიანმაო. აი ახლა ეს ადამიანი, გელა გელაძე დანიშნეს შსს მინისტრად.
ასე იმეორებდეს ოცნება წინა ხელისუფლების ნაბიჯებს, უკვე სასაცილოა. 2009-2012 წლებში განათლების სამინისტროსა და ძალოვან სამინისტროებს შორის დიდი მიმოსვლა იყო. ჯერ გენპროკურორი გახდა განათლების მინისტრი. მერე სასჯელაღსრულების მინისტრი გახდა განათლების მინისტრი, რომელიც ბოლოს თავდაცვის მინისტრი გახდა. სხვათა შორის, ამ მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა სწორედ გელა გელაძე მოიყვანა მაშინ განათლების სამინისტროში, მანდატურის სამსახურის შემოღებისთვის. შემდეგ, პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი გახდა განათლების მინისტრი, რომელიც უკრაინის პოლიციის უფროსად დაინიშნა. ჰოდა, გახსოვთ ალბათ, ცუდად დამთავრდა ეს ყველაფერი ყველასთვის,” – წერს სოციალურ ქსელში პროფესორი სიმონ ჯანაშია.
ცნობისათვის, გელა გელაძე წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2004-2012 წლებში, გელაძე შსს-ში ჯერ გამომძიებლად, შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად მუშაობდა. ამის შემდეგ კი კრიმინალურ პოლიციაში განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.

