სიმონ ჯანაშია – ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე კითხვა უნდა დავსვათ ასე: რატომ ახლა, პასუხი მარტივია: პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო – ცნობილი კაციჭამია რომ გასამართლდეს, იქაც გაჩნდება კითხვა, რადგან სასამართლო გვაქვს უსამართლო

ვერ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი, იმიტომ, რომ სასამართლო გვაქვს უსამართლო, – ასე შეაფასა პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სიმონ ჯანაშიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.
როგორც ჯანაშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია თუ არა.
„კითხვა უნდა დავსვათ, რატომ ახლა და არა მანამდე, თუ ასეთი დანაშაული იყო ჩადენილი. პასუხი არის მარტივი: პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო. თავის დროზე, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი იყო მოწმე იმ საქმეში, რომელიც ხელისუფლება ს წინააღმდეგ აწყობდა, როგორც ჩანს, ირაკლი ოქრიაშვილს ხელს აფარებდნენ. როცა დაინახეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდა, არაფერში აღარ სჭირდებოდათ და პირიქით, პრობლემებს უქმნიდა, მის წინააღმდეგ სისტემა გამოიყენეს. შეიძლება ობიექტურად არსებობს დანაშაული, რაც ბუტა რობაქიძის შემთხვევაში მოხდა, რაც იყო დანაშაულის დაფარვის მცდელობა თუ გადამეტებული სამსახურებრივი მოვალეობა, მაგრამ ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი იმიტომ, რომ სასამართლო გვაქვს უსამართლო, გამოძიება გვაქვს უსამართლო და პოლიტიკური სისტემა გვაქვს, რომელიც ორივეს მართავს“, – განაცხადა ჯანაშიამ.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის გამართლებას, სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სასამართლო სისტემის პირობებში, კითხვები ყველა საქმესთან დაკავშირებით ჩნდება.
„კითხვა ჩნდება ყველა განაჩენის დროს, მაგალითად, ცნობილი კაციჭამია რომ გაასამართლოს ჩვენმა სასამართლომ, იქაც გაჩნდება კითხვა – იყო თუ არა პროცედურები დაცული, გამოძიება იყო თუ არა სამართლიანი. მტკიცებულებები იყო თუ არა სამართლიანად მოპოვებული. ჰქონდა თუ არა ადამიანს უფლება, რომ საკუთარი თავი დაეცვა. ამიტომ, ეს ხელისუფლებაც, ვინც აქციების დროს დანაშაულს სჩადიოდა, არ უნდა გასამართლდეს ასეთი სასამართლოთი იმიტომ, რომ მაშინაც დარჩება ეს ეჭვი. სანამ გვექნება უსამართლო სასამართლო, მანამდე შეუძლებელი იქნება, ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე“, – განაცხადა ჯანაშიამ.
გარდა აღნიშნული საკითხისა, მან სხვა თემებიც შეაფასა, მათ შორის ისაუბრა „საარჩევნო კოდექსის“ ახალ რედაქციაზე, რომლის ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ქართველ ემიგრანტებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში ექნებათ. სიმონ ჯანაშიას განმარტებით, ყველაზე ავტორიტარული რეჟიმებიც ცდილობენ დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილება ლოგიკური ჩარჩოების ფარგლებში და ამ შემთხვევაში, ხელისუფლების არგუმენტები ყველა ლოგიკას მოკლებულია.
„პრობლემა არის ის, რომ მოქალაქეების ასი ათასობით წარმომადგენელს ურთულებენ იმას, რომ იყოს სრულფასოვანი მოქალაქე. ანუ ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მეორე პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება, რომელსაც ასეთი არგუმენტებით კვებავენ, ყველას გვთვლიან მართლა არაინფორმირებული აზროვნების არმქონე გაერთიანებად. ეს ხომ შეურაცხყოფაა, როცა ასეთ არგუმენტებს გეუბნებიან და კიდევ უფრო შეურაცხყოფაა, როცა ასეთი არგუმენტების დასაბუთება ხდება იმ ხალხის მიერ, რომელიც ჩვენ მიერ არის დაქირავებული“, – განაცხადა ჯანაშიამ.
რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა „ქართული ოცნება“ ვადამდელი ს დანიშვნისთვის ემზადებოდეს და როგორ მოიქცევა „თავისუფლების მოედანი“, თუკი ახალი გამოცხადდება, სიმონ ჯანაშიამ განმარტა, რომ არჩევნებს აზრი მხოლოდ სამართლიან პირობებში აქვს.
„გაუგებარია, რას აკეთებს „ქართული ოცნება“. ლოგიკას არის მოკლებული ის, რომ ვადამდელ არჩევნებს არადემოკრატიული წესით თუ ჩაატარებს „ოცნება“, რამეს მოუტანს. „ოცნების“ მთავარი პრობლემა არის ლეგიტიმურობა. მას არ აქვს აღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. თუ არადემოკრატიულად ჩაატარებს არჩევნებს, აღიარების თვალსაზრისით ვერაფერს გაიუმჯობესებს.
ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება და არა უბრალოდ არჩევნების ჩატარება. სამართლიანი არჩევნების პირობებში აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას და არასამართლიან არჩევნებში ძალიან დიდი მობილიზება უნდა მოხდეს საზოგადოების, რომ აიძულო ხელისუფლება, ძალაუფლება დათმოს“, -განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, როგორც მან აღნიშნა, ის, რომ „ქართული ოცნება“ რეპრესიებს ამკაცრებს, აჩვენებს იმას, რომ პროტესტი „ძალიან მასშტაბურია“.