სიმონ ჯანაშია – ელჩების დაბარება ვითომ კუნთების თამაშია, გერმანიას ვერ გარიყავს საქართველო, მაგრამ საქართველომ შეიძლება საკუთარი თავი გარიყოს, როცა დიპლომატებს ამ ენაზე ელაპარაკება – თუ არ გავაჩერეთ ეს სვლა, მივდივართ უკუღმა

ყაველაშვილი საერთოდ ვინაა?! რთული წარმოსადგენია, რომ მსოფლიოში იცოდნენ. ან მისი სახელი იცოდნენ, ან მისი პოლიტიკური წარსული – გუშინ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ტრანსატლანტიკური მიმართულების შეხვედრა, სადაც ყველა იყო დაპატიჟებული საქართველოს პრეზიდენტის გარდა. ეს ძალიან სამწუხარო რამაა, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სიმონ ჯანაშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
რაც შეეხება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ს სიტყვით გამოსვლას, რომელიც დღესაა დაგეგმილი, როგორც ჯანაშიამ აღნიშნა, ყაველაშვილს სიტყვით გამოსვლისას „ყველაფრის გაბედვა შეუძლია“.
„გუშინ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა რაც გაიმართა, იყო ტრანსატლანტიკური მიმართულების შეხვედრა, რომელიც მარკო რუბიომ გამართა და ყველა იყო დაპატიჟებული, საქართველოს პრეზიდენტის გარდა. სომხეთიც იყო დაპატიჟებული, აზერბაიჯანიც, საქართველო არ იყო დაპატიჟებული. ეს ძალიან სამწუხარო რამაა. რაც შეეხება იმას, საკუთარ გამოსვლაში რას გაბედავს ყაველაშვილი, ყველას შეუძლია გაბედოს. შევარდნაძეს აქვს ძალიან კრიტიკული გამოსვლა თავის დროზე გაკეთებული გაეროში, სადაც ის დასავლეთს ადანაშაულებდა, რომ საქართველოს საკმარისად არ დაუჭირა მხარი ს ომის დროს, მაგრამ შევარდნაძეს ჰქონდა წონა, კავშირები და გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე. ყაველაშვილი საერთოდ ვინაა?! რთული წარმოსადგენია, რომ მსოფლიოში იცოდნენ. ან მისი სახელი იცოდნენ, ან მისი პოლიტიკური წარსული, ან მისი პოლიტიკური გავლენები იცოდნენ. საქართველოში არ აქვს მიხეილ ყაველაშვილს გავლენა. ვერ ვიტყვით, რომ ყაველაშვილს შეუძლია ვინმე დაარწმუნოს საქართველოში რამეში. არ გვინახავს არაფერი, სადაც მიხეილ ყაველაშვილი იყო პოლიტიკური ნაბიჯის ინიციატორი და შემდეგ საკუთარი მჭევრმეტყველებით, მოქმედებით, მისი მხარდამჭერების მეშვეობით ვიღაც რაღაცაში დაარწმუნა.
რა აზრი აქვს ამ გამოსვლას, თუ შენი წონა მუდმივად იკლებს? ეს არის პრობლემა. თორემ სადილზე დაპატიჟება უბრალოდ პროტოკოლის ნაწილი შეიძლება იყოს. ყველა დაპატიჟონ და შენც მოხვდე ამ სიაში. 200-კაციან სადილზე 200 ქვეყნის ხელმძღვანელი თუ მივა, მიხეილ ყაველაშვილიც იქნება. ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, როდესაც კონკრეტული მიზნით იმართება რაღაც შეხვედრა, სადაც შენ უნდა შეძლო, 10-15 წუთში მოახერხო, რომ საკუთარი მესიჯი გადასცე. შენი ერთადერთი მესიჯი თუ ეს არის, რაც გამოაქვეყნა ყაველაშვილმა, რომ წერილზე გვიპასუხეთო, ეს არის საცოდაობა. წერილზე პასუხი არ არის საქართველოს ინტერესი. საქართველოს ინტერესი არის მაგალითად ჰქონდეს მშვიდობა რეგიონში და არამხოლოდ საქართველოში. საქართველოს ინტერესი უნდა იყოს, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა“,- განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
ამასთან, სიმონ ჯანაშიამ გადაცემაში სტუმრობისას გერმანისაა და ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რომ „ეს არის ვითომ კუნთების თამაში“.
„ძალიან სუსტად გამოიყურება „ქართული ოცნება“. ელჩების დაბარება არის ვითომ კუნთების თამაში, მაგრამ სინამდვილეში დიპლომატიური თვალსაზრისით, გერმანიას ბევრად მეტი ბერკეტი აქვს საქართველოზე, ვიდრე საქართველოს გერმანიაზე. საქართველო ვერ დააზიანებს გერმანიის პოლიტიკას, მაგრამ გერმანიის პოლიტიკა თუ საქართველოსკენ არ იქნება შემობრუნებული, ზურგს გვაქცევს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ზიანი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. საქართველო დამოკიდებულია გერმანიის პოზიციაზე, როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. ასევე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პრინციპზე ველაპარაკებით სხვებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ გვერდით იდგეს გერმანია და არა ჩვენ საწინააღმდეგო პოზიციაზე. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარიყოს საკუთარი თავი. გერმანიას ვერ გარიყავს საქართველო, მაგრამ საქართველომ შეიძლება საკუთარი თავი გარიყოს, როცა ევროპელ დიპლომატებს ამ ენაზე ელაპარაკება.
თუ გვაინტერესებს, რა მოჰყვება ასეთ ბაქიბუქს, შეგვიძლია დავაკვირდეთ მიხეილ ყაველაშვილის გუშინდელ განცხადებას – ჯერ იყო და ამერიკის მთავრობაზე საუბრობდნენ როგორც „დიფ სთეითის“ აგენტებზე, მერე თქვეს, რომ „დიფსთეითი“ ვერ დაამარცხეს. მერე თქვეს, რომ ამერიკა რადიკალებს ეხმარებოდა საქართველოში და ახლა ეხვეწებიან, რომ წერილზე გვიპასუხეო. ასე მთავრდება. თავიდან იწყებ აგრესიული რიტორიკით, მერე ხვდები, რომ შენ უკვე არანაირი ძალა და წონა აღარ გაქვს და იწყებ ხვეწნას, იქნებ წერილზე მაინც გვიპასუხეო. ეს არის საცოდაობა. როდესაც ურთიერთობები უკვე დალაგებულია, როცა როგორც პარტნიორს ისე გელაპარაკებიან, აქედან როცა მიხვალ იქამდე, როდესაც შენ ხვეწნის და მუდარის რეჟიმში გადადიხარ, „მაღიარე მე“, „იქნებ დამელაპარაკო“, „იქნებ წერილი მომწერო“, ეს არის ისეთი სისაწყლე, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს. აქედან ვერ მოიპოვებ მხარდაჭერას და პატივისცემას. ასეთ მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“,- განახადა სიმონ ჯანაშიამ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებია, რომელიც 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს. როგორც ჯანაშიამ აღნიშნა, „ის მიზანი, რაც მოქალაქეებს აქვთ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, არსად წასულა და არც არასდროს წავა“.
„ეს პროტესტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ დღეს ვაკვირდებოდი ვინ არის ამ პროტესტის მონაწილე – რეგულარულად ვხედავ სამი უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც დადის ამ პროტესტს, ასევე, ვხედავ რეგულარულად ორ ადამიანს, რომელიც ევერესტზეა ნამყოფი. ვხედავ ხელოვანებს, საქართველოს საუკეთესო მხატვრებს, მომღერლებს, მსახიობებს, მეცნიერებს, პროფესორებს. ამ ხალხმა აჩვენა, რომ ის მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, არსად წასულა და არც არასდროს არ წავა, მიუხედავად იმისა, რა ტაქტიკასაც არ უნდა მიმართოს „ქართულმა ოცნებამ“. ეს მიზანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის არ არსებობს ბარიერი, რომელიც ამ მიზნისკენ სვლას გადაგვათქმევინებდა. ჩვენ ახლა რეალურად ვხედავთ იმას, რომ საქართველო პირველად მიდის უკან-უკან. ჩვენ საბჭოთა კავშირის დროსაც კი ვიცოდით, რომ რაღაც გაუმჯობესება ხდებოდა. ვიცოდით, რომ უფრო მეტი პლურალიზმი ჩნდებოდა, გაჩნდა იმედი, რომ მრავალპარტიული გახდებოდა, მერე დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში გვქონდა საშინელი დრო, ვიცოდით, რომ უკეთესობისკენ წავიდოდით. ახლა არის პირველი შემთხვევა, როცა საზოგადოება ხვდება, რომ თუ არ გავაჩერეთ ეს სვლა, მივდივართ უკუღმა. ახლა დავბრუნდით საბჭოთა კავშირის დროინდელ პირობებში, როცა ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს. ახლა ვიწყებთ ურთიერთობების გაუქმებას იმ ქვეყნებთან, რომელთან ურთიერთობების დამყარებაზეც ვიმუშავეთ 30 წელზე მეტი.
ჩვენ 300 დღის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი. ერთადერთი მოძალადე ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, რომელიც იყენებს ფიზიკურ ძალას იმისთვის, რომ გაუსწორდეს საკუთარ ოპონენტებს. ჩვენ ეს ვნახეთ დეკემბერში, როდესაც ხალხს სცემდნენ ქუჩაში. ვნახეთ რამდენიმე კვირის წინაც, მე თავად ვიყავი ფიზიკური შეტევის სამიზნე. ჩვენ ესკალაციას ვერ გავაკეთებთ ამ პროცესების. თუ ვინმეს შეუძლია და უნდა, რომ გააკეთოს ესკალაცია, არის „ქართული ოცნება“.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას, არ ვიცი რა მოხდება, წინასწარმეტყველება არ არის ჩემი პროფესია. მე შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენ ამ 300 დღის განმავლობაში, პრინციპში, ყოველდღე ვახდენთ რევოლუციას. ეს არ არის ჩვეულებრივი შეკრება. რევოლუცია მდგომარეობს იმაში, რომ იცვლება ხალხის დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენების მიმართ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთი წლის წინ თუ ფიქრობდა, რომ ჩვენ მივდიოდით ევროპისკენ, ახლა უკვე ასე აღარ ფიქრობს, ყოველდღიურად ცდილობს, რომ ეს უკუსვლა შეაჩეროს. რევოლუციაში შეიძლება ვიღაც გულისხმობს კონკრეტული ადამიანის მთავრობიდან ჩამოშორებას, შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ რევოლუცია მოხდება მაშინ, როცა დაიკავებ კონკრეტულ ადგილს, სივრცეს, მაგრამ ეს არ არის რევოლუცია, რევოლუცია იქნება მაშინვე, როცა პოლიტიკა იქნება მრავალპარტიული, როცა იქნება მშვიდობაზე დამყარებული, სამართლიანობა სასამართლოებში. ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია. ჩვენ რაც არ უნდა შევცვალოთ 4-ში, 5-სა თუ 7-ში, ნამდვილი რევოლუცია მოხდება მაშინ, როცა შევთანხმდებით იმაზე, რომ ეს ქვეყანა არის ყველასი და არა ერთი კონკრეტული პარტიის“,- განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.