სიმინდის გაძვირების პარალელურად, მეფრინველეობის დარგი ხორბლის მოხმარებაზე გადავიდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განმარტა, ბაზარზე ამ ეტაპზე ხორბალი უფრო იაფია, ვიდრე სიმინდი, რის გამოც ხორბალზე მოთხოვნა გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ წელს იანვარ-ივნისში ხორბლის იმპორტი რაოდენობაში წლიურად 61%-ით გაიზარდა, სიმინდის კი თითქმის 82%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასებს, წინა წელთან შედარებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ხორბლის იმპორტი მცირედით – 2 ცენტით გაძვირდა, სიმინდის ფასი კი გასამმაგებულია.
უფრო კონკრეტულად, წელს ერთი კგ. სიმინდის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 94 ცენტია (შარშან 31 ცენტი), ხორბლის კი 26 ცენტი (წინა წელს 24 ცენტი).
„როდესაც ხორბლის მოსავალი შემოდის, ფასი უფრო დაბალია, ვიდრე თუნდაც წინა წელს დამარაგებული სიმინდი ღირს – აქედან გამომდინარე, მეფრინველეობა ამ პერიოდში გადადის ძირითადად ხორბლის მოხმარებაზე. შემდეგ როდესაც სიმინდის მოსავლის აღება იწყება, დარგი იწყებს სიმინდის მოხმარებას – ამ ყოველივეს განსაზღვრავს ფასები. დიახ, გიდასტურებთ, რომ ახლა მეფრინველეობის დარგი გადასულია მეტწილად ხორბლის მოხმარებაზე.
იმპორტი გაზრდა მოხმარების გარდა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოსავალი იქნება. წელს მაგალითად თავიდან ხორბლის მშვენიერი მოსავალი იყო, მაგრამ წვიმების შემდეგ გაფუჭდა ხარისხი. რაღაც პერიოდის შემდეგ შესაძლოა, სიმინდზე გაჩნდეს ისევ მოთხოვნა, იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი ამინდების გამო, ხორბლის მოსავლის ნაწილი დაიკარგა. ეს მოხდა ჩვენთანაც და ძირითად იმპორტიორ რუსეთშიც.
რუსეთში ანალოგიური სიტუაციაა, ცუდმა ამინდმა ყველგან გააფუჭა ხორბალი. სიმინდს რაც შეეხება, მოსავლის აღების დროს როგორი მოსავალი იქნება და როგორი იქნება ფასები, იმის შემდეგ განისაზღვრება, რომლის მოხმარება სჯობს – სიმინდის თუ ხორბლის“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
bpn.ge
