აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეხვედრის და კომუნიკაციის აზრს ვერ ხედავს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
[ბიზნესში] არ იციან, რა იქნება მომავალში და დინებას მიჰყვებიან – ზურაბ ლალაზაშვილი
შემცირებულია მოთხოვნა სერვისებზე, რომლებიც ახალ ინვესტორებს სჭირდებათ – BDO-ს მმართველი პარტნიორი
საქმე ის არის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს 2024 წლის დეკემბერში შეხვდნენ.
– შეხვედრებს აზრი მაშინ აქვს, როცა ის შედეგზეა ორიენტირებული და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება იქნება. თუ შეხვედრა მხოლოდ იმისთვისაა, რომ გითხრან – ყველაფერი კარგად არის, როცა შენ ხედავ, რომ ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ მეორე მხარე გარწმუნებს, რომ კარგად მიდის ყველაფერი, ბუნებრივია, ვერ მიიღებ ამას და ვერ გექნება ის განწყობა, რომ ყველაფერი კარგად არის. [დეკემბერში] მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე მყოფი ბიზნესემენების ნაწილი პოზიტიურად უყურებს ყველაფერს და ეს მათი არჩევანია. მათთან საუბრისას, ხელისუფლებას, შეიძლება კომფორტი აქვს, რადგან ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ყველაფერი კარგად არის. მეორე მხრივ, არის ნაწილი ბიზნესმენებისა, რომლებიც ობიექტურად უყურებს რიგ საკითხებს, აქვს კითხვები, რაზედაც პასუხებს ვერ იღებს და ამ კატეგორიასთან საჭიროა, არა მხოლოდ საუბარი და იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, არამედ საჭიროა, კონკრეტულ კითხვებზე პასუხები გაგვცენ და კონკრეტული შედეგები დაიდოს. მაგალითად, თუ საუბარია იმაზე, რომ ვიღაც დამნაშავეა, ამაზე პასუხი უნდა იყოს….
– მახსოვს, დეკემბერში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე თქვენ ორი კითხვა გქონდათ – გაინტერესებდათ, ვინმე დაისაჯა თუ არა იმ პირებიდან, ვინც აქციებზე მყოფი მოქალაქეები სასტიკად სცემეს დაკავებისას, მათ შორის თქვენი თანამშრომელი და ახლობელი და ასევე, თუ „ქართულ ოცნებას“ გამოსავლის გზად ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება არ მიაჩნია, თავად რას სთავაზობს საზოგადოებას…
– ისევ ღიაა ის კითხვები და იქ ვართ, სადაც ვიყავით…
– ამიტომაც ფიქრობთ, რომ არ აქვს აზრი, შეხვედრას და საუბარს ირაკლი კობახიძესთან ან ლევან დავითაშვილთან ბიზნესში არსებულ მოლოდინებსა და განწყობებზე?
– დიახ… სიმართლე გითხრათ, შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ. შეხვედრას უნდა ჰქონდეს მიზანი, რომ შეიძლება შევჯერდეთ რაღაცაზე და განვახორციელოთ. ახლანდელი მოცემულობა რაც არის, განსხვავებით 100 დღის წინანდლისგან ან დეკემბრის მოცემულობისგან, ის არის, რომ ღრმავდება საზოგადოების ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კრიზისი. უფრო მეტი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებ ხდება; ვხედავთ უფრო მეტ ადამიანს ასამართლებენ და აშკარად ჩანს, რომ უსამართლოდ აკავებენ; ასევე, არ არიან თავისუფალი ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება გამოძიების და სასამართლო პროცესის პარალელურად, გარეთ იყვნენ და არ იყოს პატიმრობა გამოყენებული. ბევრი ისეთი თემაა, რაც უნდობლობას ზრდის და საკითხებზე შეჯერების შანსს ამცირებს.
