„სილქ როუდ ჯგუფმა“ „აჭარა ჯგუფისგან“ სასტუმრო Rooms Kokhta Bakuriani იყიდა

„სილქ როუდ ჯგუფმა“, ბაკურიანში „აჭარა ჯგუფის“ სასტუმრო Rooms Kokhta Bakuriani შეიძინა. ახალ ბრენდზე, სასტუმროს მართვასა და განვითარებაზე „სილქ ჰოსფითალითი“ იზრუნებს. სასტუმრო ბაკურიანში კიდევ უფრო აძლიერებს „სილქ ჰოსფითალითის“ მართვაში არსებული სასტუმროების პორტფელს.
“აჭარა ჯგუფისგან” Rooms-ის ქსელის სასტუმროს შეძენის შესახებ ინფორმაციას “სილქ როუდ ჯგუფი” ავრცელებს, თუმცა გარიგების დეტალები გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული არ არის. BM.GE-მ დამატებითი კითხვებით “აჭარა ჯგუფსაც” მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
უნდა აღინიშნოს, რომ “აჭარა ჯგუფის” შვილობილი კომპანია “რუმს ჰოტელსი” საქართველოს მასშტაბით Rooms-ის ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ყაზბეგში და ბათუმში მართავს, მისი მართვის ქვეშ იყო ბაკურიანში 2019 წლის შემოდგომიდან გახსნილი Rooms Kokhta Bakuriani-ც, რომელიც 95 ნომერსა და 70 აპარტამენტს აერთიანებს. სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, „ლაუნჯ“ ბარი“, საცურაო აუზი, სპორტულ დარბაზი და ტერასა 360 გრადუსიანი ხედით.
„სილქ როუდ ჯგუფში“ განმარტავენ, რომ მრავალი წელია აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოს მთიანი რეგიონების ტურისტული და სპორტული პოტენციალის განვითარებაში, როგორც საერთაშორისო სათხილამურო ღონისძიებების მხარდაჭერის, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით მთის კურორტების სააგენტოსთან და სათხილამურო ფედერაციასთან ერთად. ჯგუფისთვის ბაკურიანი ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია და ჯგუფი მისი მომავლისთვის ინვესტირებას აგრძელებს.
ჩვენი სურვილია, რომ ეს სასტუმრო გახდეს მიმზიდველი ოთხივე სეზონზე, რომ ეს იყოს მთასთან , კოხტასთან და მიტარბისთან, ინტეგრირებული სასტუმრო, რომელიც მოიზიდავს არა მხოლოდ ზამთრის სპორტის მოყვარულებს, არამედ სხვადასხვა ინტერესის და ასაკის სტუმარს შესთავაზებს მრავალფეროვან გამოცდილებას და იქნება სპორტის და ლაიფსთაილის მაღალი დონის კურორტი”, – განაცხადა სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
სასტუმროს ეკოსისტემის განვითარებისთვის პროექტზე სილქ როუდ ჯგუფი პროფესინალების საერთაშორისო გუნდთან ერთად მუშაობს. მათ შორისაა ცნობილი ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი პატრიკ ლანგი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში 2023 წელს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაში.
პარტიკ ლანგი: „კურორტს მომავალში ექნება გართობისთვის, დასვენებისთვის და სპორტული აქტივობისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იმ ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც გამორჩეულ ადგილებს ეძებენ. სამხრეთ კავკასიის ეს შესანიშნავი რეგიონი ნამდვილად არის ადგილი, რომელიც უცხოელ სტუმრებს გააოცებს თავისი იდუმალებით, სუფთა ჰაერით, უბადლო სტუმარმასპინძლობით დაუგემრიელესი კერძებით და ღვინით. მიხარია, რომ კოხტა შეემატა სილქ როუდ ჯგუფის არაჩვეულებრივი სასტუმროების რიცხვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხედვის შედეგად სასტუმრო და გარშემო ინფრასტრუქტურა ისე გაუმჯობესდება, რომ აქცევს ბაკურიანს ოთხი სეზონის შესანიშნავ კურორტად საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბაკურიანისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია და უაღრესად ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ვარ იმ პროექტის ნაწილი, რომელიც კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს მთის პოპულარიზაციაში.”
პირველ ეტაპზე ზამთრის სეზონისთვის სასტუმროს ახალი საერთაშორისო სტანდარტის სპა შეემატება, ისევე, როგორც დამატებითი კეთილმოწყობა ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის. ასევე, იგეგმება სპორტული სათაგადასავლო სკოლის დაარსება, რომელიც ბავშვებს, ბევრ სიახლეს და მრავალფეროვან პროდუქტს შესთავაზებს, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების ჩათვლით.
„სილქ როუდ ჯგუფის“ გუნდი მოუთმენლად ელის ახალ ეტაპს თანამედროვე სტანდარტების სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების გასაგრძელებლად Silk-ის ხარისხით და ხედვით.