„სილქ რიალ ისთეითმა“, საქართველოში უძრავი ქონების მართვის და სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ, საფონდო ბირჟაზე პირველი, ევროში დენომინირებული, 1-წლიანი ობლიგაციების ემისია „თიბისი“ კაპიტალის, „გალტ & თაგარტისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით განახორციელა.
„თიბისის“ ინფორმაციით, ამჯერად, განთავსებული ობლიგაციების საერთო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.
მათივე განმარტებით, „სილქ რიალ ისთეითმა“ 2023 წლის აპრილში გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარის პირველი ტრანში, წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით. მეორე ტრანში – 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, 9.25%-იანი კუპონით, წარმატებით განთავსდა 2023 წლის სექტემბერში. შეთავაზებებს მაღალი დაინტერესება მოჰყვა, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს შორის.
„ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი 7.0%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს.
ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე მესამე განთავსება კომპანიის თანმიმდევრული განვითარების, პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და წარმატების დასტურია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„სილქ რიალ ისთეითის“ აღმასრულებელი დირექტორის, მამუკა შურღაიას თქმით, „სილქ რიალ ისთეითმა“ საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების მორიგი ემისია განახორციელა.
„ეს კომპანიის პირველი, ევროში დენომინირებული 1-წლიანი ობლიგაციებია. გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა ოდენობამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა. მინდა გაწეული სამუშაოსთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წარმატების მიღწევაში“, – განაცხადა „სილქ რიალ ისთეითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა შურღაიამ.
„სილქ ბანკის“ გენერალური დირექტორის, ალექსი ხოროშვილის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან, რომ „გალტ & თაგარტთან“ და „თიბისი“ კაპიტალთან ერთად კიდევ ერთხელ წვლილი „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში შეიტანეს.
„სილქ ბანკი“ და „სილქ რიალ ისთეითი“ ერთი ჯგუფის წევრები არიან, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, შეეძინათ „სილქ რიალ ისთეითის“, ამჯერად ევროში დენომინირებული ობლიგაციები“, – აღნიშნა „სილქ ბანკის“ გენერალური დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.
„გალტ & თაგარტის“ დირექტორის მოადგილის, ქეთევან თოიძის განცხადებით, ისინი აქტიურად თანამშრომლობას „სილქ რიალ ისთეითთან“ აგრძელებენ და ამჯერად, რიგით მესამე წარმატებული ემისია განათავსეს.
„აღსანიშნავია, რომ მოცემული გარიგება წარმოადგენს პირველ, ერთ წლიანი ვადიანობის ობლიგაციების ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც კომპანიებს, ასევე ინვესტორებს, მუდმივად ვთავაზობდეთ ინოვაციურ და მაქსიმალურად მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. ვიმედოვნებთ, რომ „სილქ რიალ ისთეითთან“ ერთად კაპიტალის ბაზარზე კიდევ არა ერთ წარმატებულ ემისიას განვახორციელებთ“, – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ.
„თიბისი“ კაპიტალის მმართველი დირექტორის, მერი ჩაჩანიძის თქმით, „სილქ რიალ ისთეითმა“ პირველი 1-წლიანი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა და მოკლევადიან პროდუქტებში ინვესტირებით დაინტერესებული, ახალი ტიპის ინვესტორები მოიზიდა.
„2023 წელს „სილქ რიალ ისთეითის“ სადებიუტო ემისიის მხარდამჭერები ვიყავით და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში უწყვეტად ვუწყობთ ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების მართვისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი ბრენდი, რომლის წინსვლაც, არა მხოლოდ ჯგუფს, არამედ ქვეყანას ხდის კიდევ უფრო მიმზიდველს ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისათვის“, – განაცხადა „თიბისი“ კაპიტალის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.