„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის ბენეფიციარები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სამხედრო ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, საჯარო და კერძო პირები.
ფონდმა 2024 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და განათლების საკითხებში უპრეცედენტო თანხა – 1 097 000 ლარი მოახმარა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებსა და მათ ოჯახებს. 100 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. დაფინანსდა გადაუდებელი ოპერაციები, მათ შორის საზღვარგარეთ, მოხდა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ჩატარდა კვლევები, რეაბილიტაციის სხვადასხვა კურსი, ასევე გაეწიათ დახმარება დაჭრილი სამხედროების მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს.
2024 წელს ფონდმა განსაკუთრებით ნაყოფიერად ითანამშრომლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. ფონდის და სამინისტროს მიერ ერთობლივად განხორციელდა 1 070 000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება.
ფონდი 2018 წელს სილქნეტის დამფუძნებლების ინიციატივით დაარსდა. ამ დღიდან კომპანია ფონდის მთავარი დონორი გახდა. 2024 წელს სილქნეტის დონაციამ შეადგინა 781 000 ლარი, ნაცვლად 300 000 ლარისა, რომელსაც კომპანია დაარსების მომენტიდან ყოველწლიურად რიცხავს ფონდში.
“ჩვენი გმირი მეომრების მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელზეც მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციის მისწრაფება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ყველა ასეთ შეკრებას ყოველთვის ამდენი საერთაშორისო მისიის წარმომადგენელი, ქართული საზოგადოების და ბიზნესის ამდენი წარმომადგენელი ესწრება. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ფონდის საერთაშორისო მეგობრების ჩვენი დაჭრილი მეომრების ურყევი მხარდაჭერისთვის. ამ რამდენიმე დღეში ქართულმა ბიზნესებმა და კერძო პირებმა უკვე 300 ათას ლარამდე ჩარიცხეს ფონდის ანგარიშზე, რაც სილქნეტის ყოველწლიურ 300 ათას ლარს დაემატა. ფონდსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ 2024 წელს ერთობლივად გაწეულმა თანადაფინანსების თანხამ 1 070 000 ლარი შეადგინა. ვფიქრობ, რომ 2025 წელსაც შევინარჩუნებთ ამ დინამიკას და შევძლებთ, რომ მილიონ ლარზე მეტი მოვახმაროთ ჩვენი დაჭრილი მეომრების და მათი ოჯახების საჭიროებებს.” – გიორგი რამიშვილი კომპანია სილქნეტის და “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” დამფუძნებელი.
ღონისძიებაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი – თავდაცვის სამინისტროსა და ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პარიტეტულ საწყისებზე ბენეფიციარების ერთობლივ დაფინანსებას მოიცავს.
„მიმაჩნია, რომ დაჭრილ მეომრების გვერდში დგომა ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მათ ჯანმრთელობა შესწირეს ქვეყანას. ფონდს მიზნად აქვს დასახული, იმ ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს, სადაც მებრძოლთა, ვეტერანთა თანადგომის საუკეთესო მაგალითები არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი ეხმარება როგორც დაჭრილ მეომრებს, ისე მათი ოჯახის წევრებს, არასრულწლოვან შვილებს, მეუღლეებს. ვთვლი, რომ ძალიან დიდი კეთილი საქმეა, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ: თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანთა სამსახური, სილქნეტი, სხვა დონორები და ყველა ის ფიზიკური პირი, ვინც თუნდაც ერთ ლარს მაინც შემოსწირავს ამ ფონდს“ – დავით მამულაიშვილი სილქნეტის და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი.
2025 წლის დასაწყისიდან ფონდმა უკვე მიიღო პირველი შემოწირულობები – 235 ათას ლარზე მეტი.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს თანამშრომლობას ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან Invictus Games Foundation. ბრიტანული ფონდის მიერ მიღებული გრანტით გასულ წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ პარა კალათბურთის ეტლები შეიძინა, რომლითაც ქართველი დაჭრილი მეომრები მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის “ძლიერთა თამაშებში”. Invictus Games Foundation ქართულ მხარეს მეორედ გადასცემს გრანტს, რომელიც საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის პარა-მშვილდოსნობის ინვენტარის შეძენას მოხმარდება.
დიდი ბრიტანეთის საელჩომ ფონდის მხარდასაჭერად დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვანი შვილებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები დააფინანსა. საელჩოს მხრიდან ეს მხარდაჭერა უკვე მესამე წელია ხორციელდება, რაც 2025 წელსაც გაგრძელდება.
ასევე ტრადიციად იქცა ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი, რომლის ინიციატივა თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციას ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები. მარათონს, ასევე, უერთდებიან თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები. შემოსული თანხა სრულად ირიცხება ფონდში.
სილქნეტი მადლობას უხდის თითოეულ დონორს მხარდაჭერისთვის და ფონდის საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.
ნახეთ ფილმი ჩვენი გმირი მებრძოლების შესახებ.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!
(R)