სილქნეტი უარყოფს, რომ 5G ტექნოლოგია ლიცენზიის გარეშე დანერგა

სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტმა თბილისის ცენტრალურ უბნებში, კერძოდ თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, მეხუთე თაობის ინტერნეტ სერვისი ჩართო. ამასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიას აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვისათვის საჭირო ლიცენზია არ აქვს, რასაც სილქნეტი უარყოფს.
როგორც ტაბულას კომპანია სილქნეტში ეუბნებიან, 5G ინტერნეტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად არის დანერგილი.
“5G ტექნოლოგია დაინერგა იმ არსებულ სიხშირულ რესურსზე, რომელზეც სილქნეტს უკვე გააჩნია ლიცენზია. 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, მარეგულირებელმა განახორციელა მობილური სიხშირული ლიცენზიების მოდიფიცირება, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პირობით, ანუ ლიბერალიზაცია, რომლის ფარგლებშიც უფლება გვაქვს დავნერგოთ ნებისმიერი ის ტექნოლოგია, რომელიც არის სტანდარტიზებული და ჰარმონიზებული ევროკავშირის ფარგლებში”. – განმარტავენ სილქნეტში.
ტაბულა კომუნიკაციების კომისიასაც დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.