სილქ ქლაუდმა, საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, სილქნეტის (Orange Alliance-ის წევრი) შვილობილმა კომპანიამ და Integrated Solutions -მა (ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია), 29 მაისს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
“სტრატეგიული პარტნიორობა Integrated Solutions-თან საქართველოში ციფრული სერვისების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. Orange Alliance-ის გლობალურ გამოცდილებასა და ინოვაციურ ხედვაზე დაყრდნობით, გაფართოვდება ჩვენი B2B ICT შესაძლებლობები. ეს თანამშრომლობა კი მოგვცემს უნიკალურ შესაძლებლობას, შევთავაზოთ ადგილობრივ ბაზარს მსოფლიო დონის ციფრული გადაწყვეტები და გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც რეგიონში სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ცენტრის პოზიცია. “დავით მამულაიშვილი, სილქნეტის გენერალური დირექტორი
“ეს თანამშრომლობა იმის დასტურია, რომ Integrated Solutions-ის გამოცდილებას შეუძლია ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური კომპანიების ზრდას ევროპაში. ჩვენ გვსურს გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება, განვსაზღვროთ სტრატეგიული მიმართულებები და გამოვავლინოთ მაღალი პოტენციალის მქონე სფეროები სილქ ქლაუდისთვის, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ამგვარი სექტორული კონსულტაცია ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო საერთაშორისო სცენაზე გასვლის შესაძლებლობა, ჩემთვის პირადად, განსაკუთრებით საამაყოა”, – ანჯეი ზაიანცი, Integrated Solutions-ის გენერალური დირექტორი.
ამავდროულად, სილქნეტი გეგმავს სერტიფიცირებული, მესამე დონის მონაცემთა ცენტრის დანერგვას საქართველოში. მონაცემთა ცენტრი დააკმაყოფილებს ევროპული ხარისხის სტანდარტებს და უზრუნველყოფს ბიზნესებს მათი კრიტიკული ინფორმაციის უმაღლესი დონის უსაფრთხოებით. ეს უნიკალური დატა ცენტრი გააძლიერებს საქართველოს ციფრულ ინფრასტრუქტურას და საფუძველს დაუდებს ახალ პარტნიორობებს, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.
კომპანია სილქნეტს Orange-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. პარტნიორობის ეს ახალი ეტაპი საქართველოს ციფრული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და გამოყენებას, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და გააუმჯობესებს მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ მომსახურებას.
Integrated Solutions არის პოლონეთის მესამე უდიდესი ტექნოლოგიური ინტეგრატორი. კომპანია სთავაზობს ბისნესს და საჯარო ინსტიტუტებს გლობალური სტანდარტის სერვისებს სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, IT ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ცენტრების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
კომპანია სილქ ქლაუდი წარმოადგენს ახალ, თანამედროვე, ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომლის ძირითადი სამიზნე B2B გაყიდვებია, კომპანია ღრუბლოვან და კიბერუსაფრთხოების უახლეს და მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს ორგანიზაციებს, რაც ბიზნესის ზრდისა და განვითარების ეფექტური წინაპირობაა.
