აფხაზმა ოპოზიციონერებმა, ლევან მიქაამ და კან კვარჩიამ, რომლებსაც რუსეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა, პრესკონფერენცია გამართეს.
მათ განაცხადეს, რომ არ მიუღიათ ოფიციალური შეტყობინება მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და მიიჩნევენ, რომ მათ არ დაურღვევიათ რუსული კანონები და “არ ჩაუდენიათ რაიმე ქმედება რუსეთის წინააღმდეგ”.
“ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არ ყოფილა რუსეთის ფედერაციის საზიანოდ”, – განაცხადა ლევან მიქაამ.
” მთელი ცხოვრებაა, რაც პოლიტიკაში ვართ ჩართული, რომ გამოვადგეთ ჩვენს ქვეყანას. ეს ყოველთვის რისკია და ყოველთვის მზად ვიყავით რისკებისთვის” ,- აღნიშნა კან კვარჩიამ.
აფხაზური ოპოზიცია თვლის, რომ დე ფაქტო ხელისუფლება არანაირ ზომებს არ ატარებს იმისთვის, რომ გაარკვიოს მიზეზი, “რის გამოც მათ ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა”. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ხდება “გასული წლის ბოლოს გადამდგარი აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას სიების მიხედვით”.
კან კვარჩიამ არა მხოლოდ დე ფაქტო პრეზიდენტის, არამედ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებსაც მოუწოდა, შეაფასონ ინფორმაცია “აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ”.
“მე პარლამენტის დეპუტატი ვარ. ეს კი აფხაზური სახელმწიფოსთვის სილის გაწვნაა”, – განაცხადა კვარჩიამ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერისთვის, ლევან მიქაასთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
ლევან მიქაა მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, რასაც მოჰყვა ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. პროტესტი რუსეთისა და აფხაზეთის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას უკავშირდებოდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ოპოზიციონერისთვის, კან კვარჩიასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი დაარეგისტრირა:
· მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა;
· აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში ოლეგ ბარციცი;
· ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, “აფხაზთა სახალხო მოძრაობის” ლიდერი ადგურ არძინბა;
· აუდიტის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა;
· “შავი ზღვის განვითარების ბანკის” თავმჯდომარე ადგურ ხურხუმალი.
