სილვიუ დომენტე – ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ DRG-ი რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები საკმაოდ შთამბეჭდავი

ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები – საკმაოდ შთამბეჭდავი, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG-ი სისტემის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, რეფორმის შეფასებისას განაცხადა.
სილვიუ დომენტეს თქმით, DRG-ი სისტემის იმპლემენტაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა. მისივე განმარტებით, რეფორმამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების (DRG) სისტემის იმპლემენტაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა.
რეფორმა მნიშვნელოვანია, მასშტაბის გამო, რადგანაც მისი იმპლემენტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა. ასევე, მნიშვნელოვანია მისი გავლენა – რადგან, მან შემოიტანა ბევრად მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა, ჰოსპიტალური სექტორის რესურსების გამოყენებაში. რეფორმამ, ასევე, გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, რადგან DRG-ს იმპლემენტაციამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები, შესაბამისად, გაუმჯობესდა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა. სისტემის იმპლემენტაცია, ასევე, შესაძლებელი გახდა მთავრობის, ოფიციალური პირების მაღალი ნების შედეგად, რომლებიც იღებდნენ ძალიან გაბედულ, პროფესიონალურ და დროულ გადაწყვეტილებებს. დღეს, რეფორმის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები – საკმაოდ შთამბეჭდავი.
რეფორმა ამით არ სრულდება. რადგანაც ნებისმიერ DRG-ი სისტემას ესაჭიროება უწყვეტი მონიტორინგი, შემოწმება-დარეგულირება და გაუმჯობესება. ამრიგად, გვაქვს მოლოდინი, რომ DRG-ი დაფინანსების სისტემაში, ახალი სერვისები შევა. ასევე, როგორც გადახდის ალტერნატიულ მექანიზმი, დაინერგება სპეციფიკური სერვისებისთვის“, – ამბობს სილვიუ დომენტე, რომლის განცხადებასაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, აღსანიშნავია, საქართველოში, DRG-ი მოდელის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები.
მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხელს უწყობდნენ საქართველოს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ჯანდაცვის უწყებისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების დიალოგის პროცესში.
სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG-ი მოდელი, საქართველოში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. დაწყებიდან, ერთი წლის შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, სამჯერ 27%-დან 10%-მდე შემცირდა.