“სითი მოლის” მფლობელi ჰოლდინგის – IG Development Georgia-ს შემოსავალი 2024-ში ₾100 მლნ-მდე გაიზარდა

“სითი მოლის” მფლობელმა კომპანია IG Development Georgia-მ 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 2023 წლის შემოსავალთან შედარებით 12 მილიონი ლარით მეტია.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, IG Development Georgia-მ მიღებული შემოსავლიდან 25 მილიონი ლარი საოპერაციო ხარჯებზე მიმართა, 17 მილიონი ლარი საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები იყო, შესაბამისად, კომპანიის საოპერაციო მოგება 67 მილიონი ლარი იყო. ფინანსური ხარჯები კი 8 მილიონ ლარს შეადგენდა.
მთლიანობაში IG Development Georgia-ს გასულ წელს 54 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, რაც 2023 წელთან შედარებით 5 მილიონი ლარით ნაკლებია.
“ჯგუფის მთავარი საქმიანობა ქონების მართვა და კომერციული ფართების იჯარით გაცემაა სამ სავაჭრო ცენტრში: „სითი მოლ ქავთარაძე“, „სითი მოლ ვაჟა“ , „სითი მოლ გლდანი“ და ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერ“. ყველა მოლს ერთდროულად 300-ზე მეტი მაღაზია აქვს, მათ შორის სუპერმარკეტები, სწრაფი კვების რესტორნები, ტანსაცმლისა და სხვა მაღაზიები.
2021 წელს ჯგუფმა დააარსა 100%-ით საკუთრებაში არსებული ადგილობრივი შვილობილი კომპანია, შპს „სითი დეველოპმენტი“, რომელიც დაკავებულია CITYZEN კომპლექსის განვითარებით, რაც გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი”, – ნათქვამია ანგარიშში.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, IG Development Georgia-ს ჯგუფის აქტივების ზომა 569 მილიონი ლარია, ვალდებულებები კი 372 მილიონ ლარს შეადგენს. ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესმენი მინდია საბანაძეა.
2025 წლის აპრილში ჯგუფმა საპრივატიზაციო აუქციონზე თბილისის ცენტრში მდებარე კიდევ ერთი უძრავი ქონება შეისყიდა. საუბარია ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ 9,200 კვადრატულ მეტრზე, რაც წარსულში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფისს წარმოადგენდა. შესყიდვის ღირებულება 35.6 მილიონ ლარს შეადგენს, საინვესტიციო ვალდებულება კი დამატებით 20 მილიონი ლარია.