პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპარლამენტო მანდატებს მაშინ დატოვებენ, როცა ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ.
ამის შესახებ გახარიამ დღეს, 26 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას თქმით, მისი პარტია პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, თუმცა სხვა ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე ისინი არც საარჩევნო სიების ჩახსნას და არც მანდატების დატოვებას აპირებენ.
„სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე წნეხს. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ სიების ჩახსნაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს რეალური, რომ შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ამომრჩეველი არის რეალურად გაბრაზებული. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს – სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას მოუხსნის ბრალეულობას იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ. ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით პასუხისმგებლობას მოიხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება.
ვინმე თუ ფიქრობს, „ნაცები“ ან „ოცნება“, რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, რომ ჩვენ მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება. ჩვენ პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიების ჩახსნას, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არ ივანიშვილს და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როგორც ჩავთვლით საჭიროდ, დღეს არა.“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საარჩევნო სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს მიმართეს: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ძლიერმა საქართველომ“ და „ერთიანობა ნაციონალურმა“ მოძრაობამ“.