ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასი 30-40 თეთრით გაიზარდა.
ჰიპერმარკეტების ერთ-ერთ ქსელში კოლოფი “სობრანიეს” ფასი 9.2 ლარიდან 9.5 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა “ქემელის” ფასი, 5.5 ლარიდან 5.8 ლარამდე. ზრდა შეეხო უინსტონსაც.
როგორც მაღაზიაში განგვიცხადეს, ჯერ არ გაძვირებულა “მარლბორო” და “პარლამენტი”. სავარაუდოდ, 1 იანვრიდან ფასების ზრდა ამ და სხვა ყველა დასახელების სიგარეტსაც შეეხება, რადგან 12 დეკემბერს პარლამენტმა “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ფასების ზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ფიქსირებული კომპონენტის დღეს მოქმედი განაკვეთები დადგენილია 2016 წელს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.
“სიგარეტზე გაზრდილი მოთხოვნის შესამცირებლად აუცილებელია აქციზის განაკვეთის მატება. შესაბამისად, კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, სიგარეტზე ხელმისაწვდომობის შემცირების და ამ გზით ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების აუცილებლობით.”
მიღებული კანონის თანახმად, თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზი გაიზარდა 15-20 თეთრით და დადგინდა განაკვეთი, 1.9 ლარის ოდენობით 20 ღერზე, ნაცვლად 1.7 ლარისა.
ზოგადად, სიგარეტის ფასი მოიცავს მის თვითღირებულებას, დამატებითი ღირებულების გადასახადს, აქციზის გადასახადს და მოგებას.
აქციზის ფასი ორ კომპონენტს მოიცავს: აქციზური მარკა, რომლის ღირებულება 1.9 ლარია და ადვალური გადასახადი, რომელიც თამბაქოს პროდუქტების შემთხვევაში მისი მთლიანი ღირებულების 30%-ს შეადგენს. (თამბაქოსთან მიმართებით, ადვალურ გადასახადს იყენებენ მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე და არა საქართველოში წარმოებულზე)
“სობრანიეს” ფასი ამჟამად 9.5 ლარია, საიდანაც აქციზის წილი 4.75 ლარია, ხოლო დღგ სარეალიზაციო ფასის 18%, ანუ 1.71 ლარი. გამოდის, კოლოფი სიგარეტის ღირებულების 9.5 ლარიდან გადასახადების წილი 6.46 ლარია. შესაბამისად, კოლოფი სიგარეტის ყიდვისას თქვენს მიერ გადახდილი თანხის 68% ბიუჯეტში მიდის.
2024 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით, თამბაქოს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 1 მილიარდ 60 მილიონ 445 ათას 137 ლარი შევიდა.
იმპორტირებული სიგარეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2025 წელს შეადგენს 325 740 879 კოლოფს, აქციზის განაკვეთის 1.9 ლარამდე გაზრდით გადასახადები, წლის ჭრილში, ჯამურად, გაიზრდება 76 874 847 ლარით, საიდანაც აქციზის წილია 65 148 176 ლარი, ხოლო დღგ-ის – 11 726 672 ლარი.
