მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სიგარეტზე აქციზი 20 თეთრით გაიზრდება, აიქოსზე – 15 თეთრით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.
„მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო 20 თეთრის ოდენობის იქნება სიგარეტის შემთხვევაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მას ასევე განაცხადა, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი 5%-ით იზრდება.
“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. როგორიც მოგებასთან დაკავშირებით ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია იგივე ექნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით. ესტონური მოდელის მიხედვით, ეს ბიზნესი ასეთი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. უნდა შემცირდეს გარკვეულ რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან მიმართებით. სხვა სახის გადაწყვეტამ ისეთი შედეგი არ მოგვცა, რომელსაც ჩვენ ველოდით. ასევე საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.