1 ნოემბრიდან საჯარო მოსამსახურეებს საჯარო სექტორში დამატებითი საქმიანობა და ანაზღაურების მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეუძლიათ. კანონის მე-13 მუხლიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომელშიც ეწერა, რომ დასაქმებულებს „იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში“ შეთავსებით მუშაობის უფლება ჰქონდათ.
· საჯარო მოსამსახურისთვის ნებადართულია სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობა [ასეთი ნებართვა არ ესაჭიროებათ სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს] – ნებართვა ერთჯერადია და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში;
· ხელმძღვანელის უარის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას;
· წერილობითი ნებართვის მექანიზმი ვრცელდება მოსამართლეებზეც;
· საჯარო სამსახურში, მათ შორის სსიპ-ში, ა(ა)იპ-ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს უფლება აქვს, შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო, მაგრამ არა საჯარო სამსახურში;
· საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს უფლება აქვს მიიღოს კანონით დაშვებული „სხვა სარგებელი“ – ერთჯერადი და ერთწლიანი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.
საქართველოს მთავრობამ 28 ოქტომბერს მიიღო დადგენილება, რომლითაც დამატებით განსაზღვრა იმ პროფესიული სფეროების ჩამონათვალი, რომლებში დასაქმებულ ადამიანებსაც შეუძლიათ სხვა ანაზღაურებად სამსახურებში მუშაობა:
· სივრცითი დაგეგმარების, ურბანიზაციის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფერო;
· გარემოს დაცვის სფერო;
· ფიზიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო;
· სოფლის მეურნეობისა და სატყეო სფერო;
· საინფორმაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო;
· სტატისტიკისა და ანალიტიკის სფერო;
· დაზღვევის სფერო;
· სამედიცინო სფერო;
· საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფერო;
· სოციალური კეთილდღეობის სფერო;
· განათლების სფერო;
· აუდიოვიზუალური მეთოდებისა და მედიაპროდუქციის წარმოების სფერო;
· კულტურის სფერო;
· მთარგმნელობითი საქმიანობა;
· სამართლის სფერო;
· უსაფრთხოების სფერო;
· პროფესიული და ტექნიკური სფერო;
· კრიმინალისტიკური სფერო;
· სასაქონლო ექსპერტიზის სფერო;
· საარჩევნო სფერო;
· საწარმოო ინჟინერიის სფერო;
· ტრანსპორტის სფერო.
ახალი წესის დამრღვევს საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობა ორი წლის განმავლობაში აღარ შეეძლება.




