თბილისის საქალაქო სასამართლოში იბარებენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისებს – როგორც ისინი სოციალურ ქსელში წერენ, ფეისბუკ-სტატუსების გამო მათ წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა და მათ დაჯარიმებას ითხოვენ.
რადიო თავისუფლების ცნობით, მათ ინფორმაცია დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება“, – აცხადებენ შსს-ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 12 ივნისს გაიმართება სასამართლო სხდომები, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ:
· ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი;
· ვახო სანაია – ჟურნალისტი;
· ვიკა ბუკია – ჟურნალისტი;
· ეკა მიშველაძე – ჟურნალისტი;
· მიშა მშვილდაძე – ჟურნალისტი;
· თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკოსი;
· ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი;
· ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი;
· ალეკო ელისაშვილი – პოლიტიკოსი;
· ანა სუბელიანი – აქტივისტი;
· ბაია პატარაია – აქტივისტი;
· დავით ქაცარავა – აქტივისტი;
· გიორგი ქადაგიძე – აქტივისტი;
· ქეთი მოლაშვილი – აქტივისტი.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ეს კანონი უკვე გამოიყენა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა. 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ ქალს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
წყარო – რადიო თავისუფლება
