“სიამოვნებით გავფართოვდებოდით, ხვალინდელი დღის პროგნოზი რომ გვქონდეს”,- ამის შესახებ BM.GE-სთან ატენის ხეობაში, სოფელ წედისში მდებარე მეღვინეობა Andro’s wine art-ის დამფუძნებელმა, ანდრო ბარნოვმა განაცხადა.
მისივე ცნობით, მეღვინეობას განვითარების პოტენციალი აქვს, რასაც გასული წლის მოსავალიც ხელს უწყობს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა, მეღვინე რაიმე პროგნოზისგან თავს იკავებს. ბარნოვი დასძენს, რომ განვითარების ნაცვლად, მარანმა მიმდინარე პროექტები დააპაუზა.
მეღვინეობა Andro’s wine art ბაზარზე 2016 წელიდან ოპერირებს და მომხმარებელს ნატურალურ, ქართლისა და მცირე რაოდენობით კახურ ღვინოს სთავაზობს, რომელიც რამდენიმე წელი ვარგდება და შემდეგ უკვე ბოთლებში ასხამენ. მეღვინეობა წლიურად დაახლოებით 12-15 სახის ღვინოს აწარმოებს, რომელთა მოცულობები წარმადობის პიკზე 8000 ბოთლს არ სცდება.
ბარნოვი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი ღვინო ძირითადად ექსპორტზე იყიდება, ხოლო მორჩენილი ღვინო შეზღუდული რაოდენობით ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის ბარებსა და რესტორანში “ნინიას ბაღი” იყიდება.
“ღვინო ექსპორტზე ძირითადად ევროპაში, უფრო კონკრეტულად გერმანიაში, ბალტიისპირეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიასა და ჩეხეთში იყიდება, ამასთან ვყიდით იაპონიაშიც. ამ ბაზრებზე ჩვენი ღვინის ღირებულება 35 ევროს აღწევს. წლის განმავლობაში, დაახლოებით 12-15 სახის ღვინოს ვაწარმოებთ. სხვადასხვა ჯიშებს ვურევთ ერთმანეთში და ვცდილობთ, რომ უნიკალური გემოები მივიღოთ.
ნედლეულის ნაწილი ჩვენია, ნაწილს კი ვიბარებთ. ვთანამშრომლობთ 4 სხვადასხვა ვენახთან”, – ამბობს მეღვინე.
