ბელარუსის დემოკრატიული ძალების ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა. ციხანოუსკაია კვირას, 7 დეკემბერს, გამოვიდა სიტყვით ბონში, World Conference Center-ში, სადაც მას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო პრემია გადაეცა.
„დღეს მინდა გთხოვოთ, მხარი დაუჭიროთ ბელარუსს, ჩვენს პოლიტპატიმრებს, ალესს (ბიალიაცკი – რედ.) და მაშას (კალესნიკავა – რედ.). ასევე – და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია – მხარი დაუჭიროთ უკრაინას. რადგან დღეს უკრაინა მთელი ევროპისთვის იბრძვის“, ხაზგასმით აღნიშნა ციხანოუსკაიამ. „ჩვენი ქვეყნების ბედი გადაჯაჭვულია. თუ უკრაინა ძლიერი იქნება და რუსეთი სუსტი, ეს ბელარუსისთვის შესაძლებლობების ფანჯარას გახსნის“, განაცხადა მან.
ჯილდოს დამფუძნებლებმა აღიარეს სვიატლანა ციხანოუსკაიას გამორჩეული წვლილი თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსის მშენებლობაში. ცერემონია გაიმართა „ბონში დემოკრატიის საერთაშორისო პრემიის“ (IDP), ქალაქის ადმინისტრაციის და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის წარმომადგენლების მონაწილეობით.
ჯილდოს მიღებისას სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიხსენა ბელარუსში ციხეში მყოფი 1300 პოლიტპატიმრის ბედი.
„მთავრობა, რომელიც სასტიკად ექცევა თავის ხალხს, არასდროს არ სცემს პატივს მეზობლებს. ამიტომ, თუ გვინდა ნამდვილი და მდგრადი მშვიდობა ევროპაში, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ტირანიას არასდროს ჰქონდეს ადგილი ჩვენს კონტინენტზე“, დაასკვნა დემოკრატიული ძალების ლიდერმა.
ასოციაცია“ IDP 2007 წელს დაარსდა. მან პრესტიჟული ჯილდო სხვებთან ერთად მიანიჭა ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს, და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილ ხელმძღვანელს, ფედერიკა მოგერინის.
ფორუმი




