მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში მიკვლეული უნიკალური ექსპონატის შესახებ საინტერესო ინფორმაცისა ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე გვიზიარებს:
“სვეტიცხოვლის ეზოში მიკვლეული მე-3-4 საუკუნის საწერი მოწყობილობა, ჰომეროსის, დემოსთენეს, მენანდრესა და მუზების გამოსახულებით, უანალოგო არტეფაქტი, აქვე თუ იმასაც გავიხსნებთ, რომ ამ პერიოდის ქართლში არსებობს მხატვართუხუცესის თანამდებობაც, კარგად გამოჩნდება რა დიდი ანტიკური კულტურის მატარებელი იყო ქართლის სამეფო, ამავე ხანაში კოლხეთში ფუნქციონირებდა ფილოსოფიური აკადემიაც…
კალმები და სამელნე მიკვლეულია მცხეთელი დიდგვაროვანი ქალის სამარხში , რომელიც მე-3 საუკუნეს ეკუთვნის (ქვასამარხი №14), საერთოდ, მცხეთაში აღმოჩენილი საწერი მოწყობილობების უმეტესობა ქალთა სამარხებშია მიკვლეული, ეს არქეოლოგიური მონაცემი კარგად უდგება ძველ ქართულ საისტორიო ტრადიციას, რომელიც მე-3-4 საუკუნეებში ქართლში მწერალ ქალებს იხსენიებენ (სიდონიას, სალომეს და პეროჟავრს).
საწერი მოწყობილობის პენალზე გამოსახულია მენანდრე – (კომედიოგრაფი), ჰომეროსი, დემოსთენე (ცნობილი რიტორი).
ასევე მუზები: კლიო (ისტორიის), ევტერპე (პოეზიის), თალია (კომედიის), მელპომენე (ტრაგედიის), ტერფსიქორე (ცეკვის), ერატო (ეროტიკული ნაწარმოებების), პოლიმნია (ჰიმნების), ურანია (ასტრონომიის), კალიოპე (ეპოსის).
ბერძნული წარწერის მიხედვით, ეს ძვირფასი საწერი მოწყობილობა ეკუთვნოდა მეფე უსტამოსს, საინტერესოა, რომ მამაკაცის ეს საკუთრება ბოლოს №14 ქვასამარხში დაკრძალული დიდგვაროვანი ქალის საკუთრებად იქცა, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მცხეთაში მიკვლეული საწერი მოწყობილობების უმეტესობა ქალების სამარხებშია მიკვლეული.”