„სვანიძის ზეთისხილი“ რუსეთის და დიდი ბრიტანეთს შემდეგ, ჩინეთის ბაზარზე გეგმავს შესვლას

„სვანიძის ზეთისხილი“, ს და დიდი ბრიტანეთს შემდეგ, ჩინეთის ბაზარზე გეგმავს შესვლას, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორმა, ნიკა მარკოზაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთს დიდი მოთხოვნა აქვს ამ პროდუქტზე და რაც უფრო იზრდება მოსავალი, მეტ პროდუქტს გაიტანენ ექსპორტზე.
ნიკა მარკოზაშვილი გვიყვება, რომ ზეთისხილის მოშენება საქართველოში 14 წლის წინ გიორგი სვანიძემ დაიწყო და მას შემდეგ გაფართოვდა, რაც აღმოჩნდა, რომ საქართველოს, კერძოდ კახეთის და დედოფლისწყაროს რაიონის კლიმატი ამ კულტურას მოუხდა.
„ამ ეტაპზე დაახლოებით 1500 ჰა ზეთისხილის პლანტაცია გვაქვს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ბაღები კახეთშია ძირითადად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანაში. ეს ადგილი გაუდაბნოებული იყო, არაფერი ხარობდა, ახლა გამწვანებულია და შესაბამისი მიკროკლიმატიც შეიქმნა. ჩვენი ბაღების შემდეგ, ბევრმა ადგილობრივმა ფერმერმა გამოთქვა დაინტერესებაც და ბევრმა გააშენა ზეთისხილის ბაღი. ყოველ წლიურად ბაღების რაოდენობა იზრდება და შესაბამისად მზარდია მოსავლიანობაც“, – ამბობს ნიკა მარკოზაშვილმა.
კომპანია ამ ეტაპზე 3 სახის პროდუქციას აწარმოებს. ესენია: უმაღლესი ხარისხის „ექსტრა ვირჯინის“ ზეთი და თეთრი და შავი ზეთისხილის მარინადი. რაც შეეხება დასაქმებულებს, საწარმოში სეზონზე 15-20 ადამიანია დასაქმებული, ამას ემატება ბაღებში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობაც.
ნიკა მარკოზაშვილი ამბობს, რომ მოსავლიანობა წლიდან წლამდე იზრდება და მიმდინარე სეზონზე მოსავლის 300-დან 500 ტონამდე ზრდას ელოდებიან და სუპერმარკეტებში სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებასაც გეგმავენ.
„წინა წელს დაახლოებით 200-250 ტონა იყო საწარმოს ბრუნვა, გასულ წელს 300-350 ტონა, წელს ველოდებით, რომ 400-500 ტონამდე გაიზრდება, ეს მოსავალზეა დამოკიდებული. ბაღები იზრდება და ეს მოსავლიანობაზეც აისახება.
რაც შეეხება გაყიდვებს, ამ ეტაპზე სვანიძის ბრენდით ზეითუნის ზეთი და ზეთისხილი იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში – „კარფურში“, „აგროჰაბში“, „ფრესკოში“, შევდივართ „გუდვილში“, „ევროპროდუქტში“ და „მაგნიტში“, – აცხადებს ნიკა მარკოზაშვილი.
კომპანიის გეგმებშია ასევე ახალი საწარმოს აშენება. მაგრამ ერთი საწარმო, რომელიც კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს ჯერჯერობით მოთხოვნას აუდის.
„ჩვენს გეგმებში შედის განვითარება, ზრდა და საწარმოს გაფართოებაც, ეტაპობრივად ამაზეც მიდის მუშაობა, მაგრამ ჯერჯერობით ერთი საწარმო აუდის გადამუშავებას. სამომავლოდ კიდევ ერთი საწარმოს დამატება იგეგმება “, – ამბობს ნიკა მარკოზაშვილი.