„კრიპტო ბაზრის“ დირექტორი აცხადებს, რომ სვანეთის რეგიონში ეკონომიკის არც ერთი მიმართულება არ ქმნის იმდენ დოვლათს, რამდენსაც კრიპტო მაინინგი. ამის შესახებ ავთანდილ კუჭავამ გადაცემა „საქმიან საღამოში“ მესტიის მერის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის კატასტროფულმა ზრდამ ტრანსფორმატორების გათიშვა გამოიწვია. მერიაში აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან და მაინერების მფლობელებს მოუწოდებენ, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.
„რეგიონს ამდენ დოვლათს ვერც კარტოფილის მოყვანა მოუტანს, ვერც სამარშრუტო ტაქსის მძღოლი… სასტუმროს ბიზნესიც რომ ავიღოთ, იმდენ დოვლათს ვერ მოიტანს, რამდენიც მაინერებს მოაქვთ. ამიტომ მაინერების წურბელებად მონათვლა, რომლებიც ჩვენს ელექტროენერგიას ასე ხარჯავენ, ჩემი აზრით, მინიმუმ ამ განცხადების გამკეთებელს უნდა რცხვენოდეს“, – ამბობს „კრიპტო ბაზრის“ დირექტორი.
ავთანდილ კუჭავა, სვანეთში ადგილობრივ მთავრობას კრიპტომაინინგის მსხვილ მოთამაშეებთან გარიბებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მცირე მაინერები ელექტროენერგიას დიდი რაოდენობით არ მოიხმარენ.
„მეორე ნაწილი ის არის, რომ საერთოდ ვის სჯერა ადგილობრივი მთავრობის ჩარევის გარეშე ამუშავებენ ამხელა ელექტროენერგიას, დიდი ტრანსფორმატორი უნდა იყოს და დიდი სიმძლავრის კაბელი უნდა იყოს გაბმული და ვერ ხვდებიან მთავარი მუშაობა სად მიდის, თუ მაინერებშია პრობლემა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, იქ არსებული მაინერები გაცილებით მეტ ბენეფიტს იძლევიან, ქვეყნისა და ინდუსტრიისთვის ვიდრე ნებისმიერი სხვა ბიზნესი, რომლებსაც ისინი ამუშავებენ.
სხვათა შორის ადამიანებს, უბრალოდ ფაქტებისთვის თვალის გასწორება არ უყვართ. ძალიან მარტივია, ზოგადად ერთი მაინერი, რასაც მოიხმარს 3.2 კვტ-ია, თანამედროვე მაცივარი, გამათბობელი თუ გაზქურა უფრო მეტს მოიხმარს. განსაკუთრებით თუ ძველი მოდელებია, ის უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე მაინერი. მაინერი თავის მოხმარებულ ელექტროენერგიას მაინც იხდის, ამიტომ ამაზე აპელირება არასწორია.
ძალიან ბევრთან მქონდა საუბარი და იმას ამბობენ, რომ სულ სხვა რამ ხდება და სხვანაირი განცხადებები კეთდება, ჩვენი გამოყრა უნდათ ბაზრიდანო. ვაპირებთ ამ საკითხზე დალაპარაკებას, დეტალურ ჩაძიებას და რიცხვებით საუბარს. სანამ ხატზე დააფიცებენ იმ ხალხს, ვისაც სახლში მაინერები საერთოდ არ აქვთ, ან 2-3 მაინერი უდგათ, ჯობია ხატზე დააფიცებინონ და სასამართლოში ის ხალხი წაიყვანონ, რომლებთანაც წილში არიან“, – აღნიშნა ავთანდილ კუჭავამ.