ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას ინფორმაციით, მესტიაში, 7.6 მგვტ სიმძლავრის ჰესის- კასლეთი 1-ის მშენებლობა უკვე დასრულდა, ამჟამად კი ტესტირების ეტაპი მიმდინარეობს.
„სვანეთში, კასლეთი 1-ის მშენებლობა უკვე დასრულდა და ტესტირების რეჟიმზე გადავიდა. კასლეთი 1-ის სიმძლავრე 7.2 მგვტ-ია. ამ ტიპის სადგურების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი რესურსია. ნებისმიერი ჰესს, რომელიც მოდინებაზე მუშაობს, ჯამურად ზამთრის პერიოდში გამომუშავება ძალიან უმცირდება. ეს ჰესები, მათი მრავალრიცხოვნებიდან გამომდინარე, იმპორტირებული გაზის თბოსადგურებში იმპორტის აუცილებლობას ამცირებს. ყველგან, სადაც საშუალება გვაქვს, ჰესი უნდა აშენდეს და სიმძლავრეები საქართველოს ენერგოსისტემისთვის გამოვიყენოთ“,- აღნიშნა „კომერსანტთან“ დავით მირცხულავამ.
მიუხედავად ცალკეული პროექტებისა, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ დარგში ინვესტიციები მცირდება, რაც მოსახლეობის დამოკიდებულებასთან ერთად, დაბალი მედიანური ტარიფებით არის გამოწვეული. კერძოდ, ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობის ვადა 28 თებერვალს ამოიწურა, როგორც ბაზრის მონაწილეები ამბობენ, აქტიურობა არც თუ ისე მაღალი იყო. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აქამდე არსებული CFD აუქციონი, სწორედ პირდაპირმა კონტრაქტებმა ჩაანაცვლა.
მეორე სიმძლავრის აუქციონში დადგენილი წესით, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფი 6,5 აშშ ცენტია.
ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ინვესტიციების გასაზრდელად ტარიფი 7 ცენტი ან უფრო მაღალი უნდა იყოს.
„მოდინებაზე მომუშავე ჰესებისთვის დღეს 6.5 ცენტია დაწესებული, აღნიშნული ტარიფი ნებისმიერი გათვლით არასაკმარისია, მოდინებაზე მომუშავე მცირე და თუნდაც საშუალო ჰესის ასაშენებლად. ძალიან გაზრდილია ჰესებისთვის განკუთვნილი სამუშაო მასალებისა და აგრეგატების ღირებულება, ზოგადად, მშენებლობის ღირებულება ჯამურად გაზრდილია და ეს ტარიფი, რომელიც დადგენილი ჰესებისთვის ნამდვილად არ არის საკმარისი. ტარიფი 7 ცენტზე უფრო მაღალი უნდა იყოს, რათა დეველოპერმა ხარისხიანი მასალებით ააგოს ჰესი და მაღალი სტანდარტები აგრეგატები დაამონტაჟოს“,- აღნიშნა დავით მირცხულავამ.
