სვანეთში ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის მოთხოვნით გზა გადაკეტეს

სვანეთში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ცოტა ხნის წინ მოსახლეობამ სოფელ ლატალში გზა გადაკეტა სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და დრონების ჩართვის მოთხვონით.
როგორც დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი, დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერს, ბიჭები ტყეში 5 დღის წინ დაიკარგნენ, ორი დღის წინ კი დაკავშირება მოახერხეს
“5 დღეა დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში. გადადიოდნენ ლენტეხში ზემო სვანეთიდან. ანუ ბოლო კონტაქტიდან ორი დღეა გასული და არის იმედი რომ ცოცხლები არიან და დახმარება სჭირდებათ” – წერს ფარჯიანი და იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სითბური დრონებით სამძებრო სამუშაოებში ჩართვა შეუძლიათ, დახმარებას სთხოვს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდების ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.