სვანეთის გზაზე, სადაც კლდოვანი მასა ჩამოიშალა, სპეციალური რეჟიმი მოქმედებს | გადაადგილება ნაწილობრივ აღდგენილია

სვანეთის გზაზე, სადაც კლდოვანი მასა ჩამოიშალა, სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. გადაადგილება ნაწილობრივ აღდგენილია – ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ პოლიციის ნებართვით არის შესაძლებელი. თუმცა, მოძრაობა ეზღუდებათ დიდი გამავლობის მქონე ავტომობილებს.
საავტომობილო გზიდან ქვის დიდი ლოდების გატანა ვერ ხერხდება. გზის სრულად გაწმენდამ და მძიმე ტექნიკის მუშაობამ შესაძლოა კლდის ჩამოშლის პროცესი განაახლოს. ამიტომ, ადგილზე, როგორც მესტიის მერი ამბობს, სპეციალისტები მუშაობენ.
“გუშინს შემდეგ გახსნილია გზა, მოძრაობა გახსნილია და არ შეფერხებულა. მობილიზებული არიან ადგილზე სპეციალისტები და მიდის შესწავლა. პატარა ქვებია, იმათ ააფეთქებენ და გადაჰყრიან და ამით მორჩება დღეს. გუშინდლიდან მოყოლებული, დღეს მთელი დღის განმავლობაში გადაადგილება არ შეფერხებულა,” – ამბობს მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 იანვარს ზუგდიდი-ხაიში-მესტიის ცენტრალურ მონაკვეთზე დიდი მოცულობით კლდოვანი მასა ჩამოვიდა და გზა ჩახერგა. ადგილზე ქვათაცვენა 4 დღის წინაც იყო.