„სექტემბერში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ბევრი თარიღი უკვე გაყიდულია“, – ამის შესახებ „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციულმა დირექტორმა, მაკა ღლიღვაშვილმა, BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტემბერი კომპლექსისთვის განსაკუთრებით დატვირთული თვე იქნება როგორც ინდივიდუალური, ისე MICE ტურიზმის (საქმიანი ტურიზმი) მიმართულებით.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სექტემბერში ტურისტული ობიექტი 250-დან 400-მდე სტუმრის მოლოდინშია.
„საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, პატარა ღონისძიების შემთხვევაში ძირითადად 150-200 ადამიანი გვსტუმრობს ხოლმე, თუმცა სექტემბერში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, 250-400 ადამიანამდე სტუმრის მოლოდინია“, – თქვა მან.
კომერციული დირექტორი ინდივიდუალური ჯავშნების აქტივობაზეც საუბრობს. განსაკუთრებით, რთველის სეზონზე, რომელიც ყოველწლიურად იზიდავს უამრავ სტუმარს: „სექტემბერში ტრადიციულად გვაქვს რთველის ფესტივალი, რაც ინდივიდუალური ჯავშნების მიმართულებით საკმაოდ დიდ დატვირთვას ქმნის. ასეთ პერიოდში ნომერ ფონდის დიდი ნაწილი ინდივიდუალურ სტუმრებზეა გათვლილი. თუმცა, ჯგუფური ტურებისგან მიღებული დამატებითი სერვისებიდან მიღებული შემოსავლები („ექსტრა ინქამი“) მნიშვნელოვან სარგებელს აძლევს კომპანიას. ამიტომ, თუ ჯგუფი სამდღიან ან ოთხდღიან პროგრამას ითხოვს, თუნდაც მაღალ სეზონზე, უარს არ ვამბობთ“, – აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.
ინფორმაციისთვის, “ლოპოტა სპა რეზორტის” დასასვენებელი კომპლექსი კახეთში 2008 წლიდან ამოქმედდა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს ოთხივე სეზონზე სთავაზობს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, კომპლექსში სასტუმრო ნომრების რაოდენობა 310-ს შეადგენს და ხოლო დასაქმებულთა რიცხვი, დაახლოებით 450-ია.
