„ჩვენმა ძალისხმევამ გამოიღო შედეგი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. პოლიტიკოსები, მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები უკვე თავს არიდებენ მსგავსი ტიპის ავანტიურაში ჩაბმას, რაც გულისხმობს ქვეყნის და ხალხის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, რითაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გამოქვეყნებული ინფორმაციით რწმუნდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელების არეალი შეუმცირდა.
„სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია ამერიკული „FARA“-ს კანონის მეშვეობით გავიგეთ და არა საკუთარი კანონმდებლობის მეშვეობით, თუმცა მაინც კარგია, რომ საბოლოო ჯამში გავიგეთ. „FARA“-ს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნახევარი მილიონი დახარჯეს და მიუხედავად ამისა ვერ მოახერხეს ვერცერთ ღირებულ სენატორთან შეხვედრა. ეს ერთ კარგ რამეზე მიუთითებს – ჩვენმა ძალისხმევამ გამოიღო შედეგი, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.
პოლიტიკოსები, მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები უკვე თავს არიდებენ მსგავსი ტიპის ავანტიურაში ჩაბმას, რაც გულისხმობს ქვეყნის და ხალხის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ არ შეხვდნენ სენატორები ასევე არც “სტაფერები”, ანუ აპარატის თანამშრომლები. ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარეთაც გააღწია ჩვენმა ძალისხმევამ და ცრუ ინფორმაციის გავრცელების არეალი შეუმცირდათ. რა თქმა უნდა, ახლაც იქნება მცდელობა, ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით. ისევე როგორც ჩვენს პირველ კანონს გამჭვირვალობის შესახებ „რუსული კანონი“ უწოდეს, ახლაც არის მცდელობები ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს „რუსული კანონი 2″ დაარქვან, თუმცა რა თქმა უნდა, ეს მცდელობაც გაცილებით ნაკლები შედეგის მომტანი იქნება და ნაკლებად მძლავრი იმიტომ, რომ ერთხელ უკვე გავლილია ეს ყველაფერი. ერთხელ უკვე ნახეს დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებმა თუ სენატორებმა, რომ მათ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციებს დიდი გამოხმაურება არ მოჰყვა და ძალიან მალევე ვამხილეთ ჩვენ ისინი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.