სეს: სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ “სოფლის ნობათის” რძე, რომელშიც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა, ქსელიდან სრულიად არის ამოღებული.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.
“საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს”, – წერია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ განაგრძობენ რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის “ვიმ- ბილ-დან საქართველო ”15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს, ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად, 2022 წლიდან იკვლევს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “სოფლის ნობათის” პროდუქციაში, მათ შორის საბავშვო რძის ნიმუშებში, აფლატოქსინი გამოვლინდა. აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
ამას გამოეხმაურა “სოფლის ნობათი”. მათ განაცხადეს, რომ აღნიშნული პროდუქტები საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მაინც აპირებენ მათი გაყიდვიდან ამოღებას.
გარდა ამისა, მათი თქმით, ნედლეული, რომლითაც ეს პროდუქტები დაამზადეს, აზერბაიჯანიდანაა იმპორტირებული. “სოფლის ნობათში” ამბობენ, რომ წყვეტენ თანამშრომლობას აღნიშნულ აზერბაიჯანელ პარტნიორთან.