სეს-მა ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
„ინდმეწარმე გ. ბ. (მისამართი ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩის მ/ტ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამასთან, ობიექტზე აღინიშნა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.
ასევე, სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ (ნედლის რძის თერმული გადამუშავება) შპს ,,Cheese line” (ს/კ 426520883, მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი), ინდმეწარმეები ა. ს. (მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი) და ზ. მ. (გარდაბანი, სოფ. თელეთი). ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“, – ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
„ინდმეწარმე ზ. გ. (მის: ჩეხოვის ქ. №4) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ახდენდა სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ ჰქონდა რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა სურსათი, რომელიც მზადდებოდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით.
დარღვევები გამოვლინდა ვასაძის ქუჩა N8-ში მდებარე ყველის საწარმოშიც, სადაც ინდმეწარმე ზ. კ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. საწარმოში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა-დეზინფექცია, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ობიექტზე დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი, დაილუქა მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი“, – ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
იმერეთის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ორი არალეგალური საწარმო მიმდინარე წლის იანვარშიც გამოავლინეს.