სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაზე ₾100 მილიონამდე დაიხარჯა – 2023 წლის შედეგები

სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს 100 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ BMG-ს პროგრამის განმახორციელებელ სააგენტო “აწარმოე საქართველოში” განუცხადეს.
რაც შეეხება პროგრამის შედეგებს, DCFTA-ის განხორციელების 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 560 კომპანიის 655 სესხის/ლიზინგის თანადაფინანსება დამტკიცდა, რომელთა ჯამური დამტკიცებული მოცულობა 519.6 მილიონი ლარია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტების ფარგლებში დაგეგმილია 898.1 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება და 5 700 ‐ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლისთვის პროგრამის დაფინანსება მცირდება და 58.5 მილიონი ლარი იქნება. 2023 წელს პროგრამისთვის 108 000 000 ლარი იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, პროგრამა ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობას ემსახურება.
სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა, ინდუსტრიულ და უნივერსალურ ნაწილს მოიცავს. ბიზნეს უნივერსალი გულისხმობს სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას სრული ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5% სესხის შემთხვევაში და ლიზინგის შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%. ამასთან, სააგენტო ახორციელებს პროგრამის ფარგლებში დადასტურებული სესხის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით. პროგრამის პირობების შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობა უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში. სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს.