სესხის ამომღები სუბიექტები არიან რეგულირებულები, აქვთ ეთიკის კოდექსი, რომელსაც უნდა ემორჩილებოდნენ – გიორგი კეპულაძე
„კაცი ხომ არ მოუკლავს?! ვერ გადაიხადა სესხი, რადგან შემოსავალი დაეკარგა, ფულის ამოსაღებად რომ ყველაფერზე წახვიდე ნამდვილად არ ღირს, არსებობს რაღაც ჩარჩოები,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.
უფრო კონკრეტულად, მან ისაუბრა იმ დარღვევებზე, რაც სესხის ამომღები სუბიექტების მხრიდან მოქალაქეებთან კომუნიკაციის პროცესში ფიქსირდება.
„ხშირია სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მორალური ზეწოლა, როგორიცაა: მეზობლებს დავურეკავთ, მესამე პირებს გავაგებინებთ და ა.შ. ხშირად ხდება რომ საერთოდ უცხო ადამიანზე ურეკავდნენ მოქალაქეს და ეუბნებოდნენ, კონკრეტული პირის ვალის შესახებ აქვს თუ არა ინფორმაცია, როდესაც საერთოდ არ იცნობს ამ ადამიანს.
ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ წინა მენეჯმენტის პირობებში, კობა გვენეტაძის დროს, შეიმუშავა ეთიკის კოდექსი, არამხოლოდ ბანკებისთვის, არამედ სესხის ამომღები სუბიექტებისთვისაც. მათ ევალებათ ამ ეთიკის კოდექსის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგულატორმა, შესაძლებელია გარკვეული ზომები გაატაროს სესხის ამომღები სუბიექტების წინააღმდეგაც.
თუ მომხმარებელი ფიქრობს რომ დაირღვა ეთიკის კოდექსი, ასევე ირღვევა მისი უფლებები ამ შემთხვევაში პირველ რიგში შეუძლია მიმართოს ეროვნულ ბანკს. თუ ფიქრობს რომ სამართალდარღვევას აქვს ადგილი, შეუძლია მიმართოს პოლიციას, რამდენად აქვთ პოლიციის იმედი, არ ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ არის. ადამიანები თუ ფიქრობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა ამ უფლებებისთვის მათ აუცილებლად უნდა იზრუნონ.
სესხის ამომღები სუბიექტები ახლა არიან რეგულირებულები, აქვთ ეთიკის კოდექსი, რომელსაც უნდა ემორჩილებოდნენ და რა თქმა უნდა, ჩვენ მომხმარებლებმაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ. ხშირად ვსაუბრობთ, თუნდაც იმ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ვადაგადაცილება. კაცი ხომ არ მოუკლავს?! ვერ გადაიხადა სესხი, რადგან შემოსავალი დაეკარგა, ფულის ამოსაღებად რომ ყველაფერზე წახვიდე ნამდვილად არ ღირს, არსებობს რაღაც ჩარჩოები, რომელშიც სესხის ამომღები სუბიექტები უნდა მოექცნენ,“ – განაცხადა კეპულაძემ.
www.bpn.ge
