სერვისში გვაქვს გარღვევა, სახეზე გვყავს დაღლილი თანამშრომლები – მაია მახათაძე კადრების დეფიციტზე

სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი ტურიზმის სექტორში მომსახურების ხარისხს დაეტყო. გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს ქვეყანამ საკმარისი რესურსი და მზაობა ვერ დაახვედრა რაც სტუმრების კმაყოფილებაზე პირდაპირ აისახება.
“რადარის” დამფუძნებელი მაია მახათაძე BM.GE-თან აცხადებს, რომ ტენდენციად ქცეული პრობლემა რეპუტაციაზე გავლენას იქონიებს და მისწრაფება, ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი სტუმრები მოვიზიდოთ უშედეგო იქნება. მისი თქმით, საკადრო დეფიციტის ფონზე თანამშრომლებს იმაზე მეტი საქმის შეთავსება უწევთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებშია, რაც მომსახურების ხარისხზე პირდაპირ აისახება.
“როდესაც საკადრო რესურსის შემცირება ხდება, ამ დროს არსებული საკადრო რესურსი თავის თავზე იღებს შემცირებული კადრის ტვირთს, რაც აფერხებს მომსახურების ჯაჭვს. გვესმის, რომ თუ პირობითად პოზიციურ ერთეულებზე უნდა იყოს 10 ადამიანი, 5-ის შემთხვევაში მათ უწევთ ჯვარედინი პოზიციების დატვირთვა. ეს რა თქმა უნდა, თვითონ პროცესს აფერხებს. თუ კი გვყავს მოგზაურები განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ეს უფრო სწრაფ რეჟიმში ხდება ისინი ამ ყველაფერს ადარებენ და ძალიან ცუდი უკუკავშირის წინაშე ვდგავართ.
ჩვენ ვინც ვართ სპეციალისტები, კარგად გვესმის საკადრო რესურსი როგორ უნდა გადავანაწილოთ ისე რომ მივიღოთ უსწრაფესი სერვისი, რომელიც გვჭირდება. ისევ ჩვენივე თავის და სტუმრების კომფორტისთვის. ის ადამიანები, რომლებიც ჯვარედინად იღებენ ამაში მონაწილეობას მათ მოკლე პერიოდში გადატვირთვა ხდება და ისინი შემდეგ ყოყმანობენ, რამდენად დარჩნენ ამ პოზიციებზე.
გვესმის, რომ სერვისში გვაქვს გარღვევა და დაღლილი თანამშრომლები გვყავს სახეზე. ამ დროს უკვე მენეჯმენტი ვერთვებით, რომ მათ ეს შევუმსუბუქოთ,” – ამბობს “რადარის” დამფუძნებელი მაია მახათაძე.