სერგო ჩიხლაძე – მოშე კი არა, ბიბლიური მოსე რომ ჩამოიყვანონ, „ქართულ ოცნებას“ არ უშველის არაფერი

რა უნდა მოხდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს, 20-30 %-ს ხომ ვერ გადაწერს, ვერ მოხდება ეს, მოშე კი არა, ბიბლიური მოსე რომ ჩამოიყვანონ, არ უშველით არაფერი, – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიცია“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებში „ქართულ ოცნებაზე“ მეტ ხმას მიიღებს და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად რეფორმისტულ კოალიციურ მთავრობას შექმნის.
„2024 წლის ოქტომბერში ყველაფერი დასრულდება და ეს ძალიან მალე დადგება, 9 თვე დარჩა. ამის თქმის საფუძველს, პირველ რიგში, მაძლევს ის, რომ რა პროპაგანდაც არ უნდა გასწიოს „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის, ევროკავშირისა და ევროპის მხარდაჭერა მოსახლეობაში არ ქვეითდება, შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობა რჩება პროევროპულად და ამას არაფერი ემუქრება. მეორე ის, რომ ჩვენ, „გამარჯვების კოალიცია“, დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში, რომ „ქართულ ოცნებაზე“ მეტ ხმას ავიღებთ და მთლიანობაში პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად შევკრავთ რეფორმისტულ კოალიციურ მთავრობას. რა უნდა მოხდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს, 20-30 %-ს ხომ ვერ გადაწერს, ვერ მოხდება ეს, მოშე კი არა, ბიბლიური მოსე რომ ჩამოიყვანონ, არ უშველით არაფერი“- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
რაც შეეხება მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს გეგმა გარკვეულ ასპექტებში, მათ შორის ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტის ნაწილში „ფეიკ“ სტრატეგიას ჰგავს.
„რა თქმა უნდა, მაქვს შენიშვნები, რამდენიმე მაგალითი რომ ავიღოთ და პირველივე საკითხი განვიხილოთ – ანტიდასავლური პროპაგანდის შეზღუდვა – მე მეჩვენება, რომ „ფეიკ“ გეგმაა დადებული, რომ 2024-2027 წლის სტრატეგიას შეიმუშავებს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და ეს არის გეგმა. არ დაგვავიწყდეთ, რომ ასეთი სტრატეგის 2020-2024 წლებშიც არსებობდა და ეს სტრატეგია რომ იყო და ქაღალდზე იყო გაწერილი, ანტიდასავლური პროპაგანდა შეწყვიტა ხელისუფლება ან არ გაუკეთებია ?
არის საკითხები, რომლებსაც მსჯელობა სჭირდება, მაგრამ ანტიდასავლური პროპაგანდა რომ შეწყვიტოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა, ამას ხომ რეალურად არანაირი სამუშაო ჯგუფი არ სჭირდება?! რა უნდა განიხილოს სამუშაო ჯგუფში, რომ პირველ კვირას წყვეტს ანტიდასავლურ განცხადებებს, მეორე კვირის განმავლობაში კალაძე და მესამე კვირის განმავლობაში კიდევ ვიღაც ?! ამას უნდა პოლიტიკური ნება, უნდა დაგვანახოს ხელისუფლებამ, რომ ეს პოლიტიკური ნება აქვს.
ავიღოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებით, წერია 9 პირობაში, რომ გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნაო, რომელიც უკვე მოვიდა. მის რეკომენდაციებს ასრულებს ? პრემიერის დაქვემდებარებიდან გამოჰყავს და გადაჰყავს პარლამენტის დაქვემდებარებაში, რა წესით ირჩევს ? იგივე ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზეც ხომ მოვიდა ვენეციის კომისიის დასკვნა, ამას ითვალისწინებს? აკეთებს?
ამ რაღაც ცრუ ფერხულში რომ არ შევიდეთ, ჩვენც უნდა ჩამოვყალიბდეთ და ხელისუფლებისგანაც კონკრეტული გზავნილები უნდა მივიღოთ“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.