სერგო ჩიხლაძე აუდიტის დასკვნაზე – კომპლექსურად თუ შევხედავთ, ჯანდაცვაში პრობლემები და გამოწვევები კიდევ უფრო მეტია – სისტემას სჭირდება გაჯანსაღება

ჯანდაცვის ექსპერტის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში პრობლემები და გამოწვევები კიდევ უფრო მეტია, ვიდრე აუდიტის დასკვნაში წერია.
როგორც ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ჯანდაცვაში ხარისხის პრობლემას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი არის მცოდნე ექიმი და კვალიფიციური ექთანი.
„ვეთანხმები, რაც წერია აუდიტის დასკვნაში, თუმცა უფრო ბევრი პრობლემაა, ვიდრე ეს კონკრეტული. კომპლექსურად თუ შევხედავთ, ჯანდაცვაში პრობლემები და გამოწვევები კიდევ უფრო მეტია.
ჯანდაცვაში ხარისხის პრობლემას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი არის მცოდნე ექიმი და კვალიფიციური ექთანი, შესაბამისად, განათლების სისტემაში თუ იქნება ჩავარდნა, ეს ხარისხზე პირდაპირ იმოქმედებს. როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, ტესტები არ იცვლება 10-15 წლის განმავლობაში“,- განაცხადა ჩიხლაძემ.
მისივე მოსაზრებით, სისტემას სჭირდება გაჯანსაღება.
„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კვალიფიციური სპეციალისტები არ გვყავს, ბევრი კარგი, კვალიფიციური სპეციალისტი გვყავს, უბრალოდ, სისტემაშია ბევრი გამოწვევა. დღემდე ვერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები, რომ ექთანი გახდეს პრესტიჟული პროფესია, როგორც ეს არის სხვა ქვეყნებში.
სისტემას სჭირდება გაჯანსაღება, დაწყებული განათლებით, როგორც ეს ეწერა აუდიტის დასკვნაში“,- განაცხადა ჩიხლაძემ.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები რიგ ნაკლოვანებებს შეიცავს. კერძოდ, საკვალიფიკაციო ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში არ შესულა ცვლილებები, საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი. ანგარიშის თანახმად, საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების დამტკიცებისა და შესყიდვის პროცესში არ ხორციელდება ხარისხობრივი ნაწილის შესწავლა და მონიტორინგის პროცესი მოიცავს მხოლოდ ტექნიკური მხარის შემოწმებას. ამასთანავე, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება;
ამავე ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა, რომელიც სამინისტრომ 2018 წლიდან დაიწყო, მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველყოფისათვის, თუმცა არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო ყველა მიმართულების პერსონალისთვის და განსაზღვრულია მხოლოდ ზოგიერთი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დაბალია პროფესიულად აქტიური ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებზე როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას