მთავარი ამოცანაა, რომ გააჩუმონ ყველა: სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, პოლიტიკური სპექტრი, პარტიები,
პოლიტიკოსები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სერგო ჩიხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს ყველას გაჩუმება სურს, რადგან არჩევნებს აგებს.
„ბიძინა ივანიშვილი აგებს არჩევნებს და უნდა, რომ გააჩუმოს თავისუფალი მედია, გააჩუმოს სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს პოლიტიკური სპექტრი, პარტიები, პოლიტიკოსები, გააჩუმოს ყველა. ვერ იტანს კრიტიკას უცხოეთიდან და მათი გაჩუმებაც უნდა, უბრალოდ, იმათ ვერ წვდება და აქედან ყეფენ მხოლოდ. ყველას გაჩუმება უნდა. ეს არის მთავარი ამოცანა, რომ გააჩუმონ ყველა, რათა გააგრძელონ თავიანთი კორუფცია, ხალხის ლანძღვა, სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავებით შოპინგზე სიარული, გააგრძელონ თავიანთი მეუღლეებისთვის,ნათესავებისთვის ტყეების ჩუქება, ალაზნის ველების ჩუქება და გადაფორმება. ამისთვის უნდათ ხელისუფლებაში დარჩენა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიურო საერთოდ არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, რისთვისაც ის იყო შექმნილი.
“„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, შემოიღო სადამსჯელო ღონისძიებები. თავიანთი ლოგიკით მოქმედებენ. ჯერ კანონი მიიღეს, ახლა რეპრესიების სხვა მექანიზმია ეს კანტორა. ანტიკორუფციული ბიურო არის დავალებების შემსრულებელი კანტორა. პარტიაშიც ყოველ დღე მოგვდის ახალ ახალი მოთხოვნები ბატონი რაჟდენისგან. პასუხს გასცემ და მაინც იგივე კითხვა მოდის. ასე რომ, ეს მარტო არასამთავრობოებს არ მოიცავს, არამედ ყველას, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი: ორგანიზაცია, პარტია, არასამთავრობო. არჩევნებამდე 30 დღეა დარჩენილი და ამ რეპრესიების მცდელობებსაც გავუძლებთ პარტიებიც, კრიტიკული მედიაც, არასამთავრობო სექტორიც“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.
როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.