სერგი კაპანაძე – როცა ადგილობრივ არჩევნებში მინიმუმ ორი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს და მისი ელექტორატი არ იქნება აქტიური, ეცადო, რომ მაინც მიიღო მონაწილეობა, უბრალოდ არის ჭიდაობა საპატიო მეორე-მესამე ადგილისთვის

თუნდაც კარგ ვითარებაში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებში [ოპოზიციის] მონაწილეობას აზრი მაშინ აქვს, როცა იცი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა და მისი ელექტორატი იქნება მობილიზებული – როცა მინიმუმ ორი პარტია არ მონაწილეობს და მისი ელექტორატი არ იქნება აქტიური, ეცადო, რომ მაინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, უბრალოდ არის ჭიდაობა საპატიო მეორე-მესამე ადგილისთვის,- ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
კაპანაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები თუ ამ პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მაშინ „თავს იტყუებენ და ყველას ატყუებენ, თუ ამბობენ, რომ გასამარჯვებლად იღებენ მონაწილეობას“.
„მთავარი, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ყველა, ვინც დემოკრატიული წინააღმდეგობის პროცესშია ჩართული, გაანადგუროს მორალურად, ფიზიკურად, ფინანსურად და ა.შ. ეს ეხება ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, არასამთავრობო სექტორს, მედიას. ყველა იმ ჯგუფს, აქტივისტს თუ სხვას, რომელიც უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“. ამისთვის იყენებენ ყველა, მათ შორის, არალეგიტიმურ გზას – პირდაპირ ზეწოლას, ფიზიკურ ძალადობას და ა.შ. შესაბამისად, ამ პირობებში გქონდეს მოლოდინი, რომ ნორმალური საარჩევნო პროცესის იმიტაციით ჩატარებულ არჩევნებში დაამარცხებ „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როდესაც არაფერი არ იცვლება გარშემო, ჩემი აზრით, არის უბრალოდ, თავის მოტყუება.
მეორე, მგონია, რომ თუნდაც კარგ ვითარებაში ჩატარებული ს პირობებში, იმ შემთხვევაში აქვს აზრი არჩევნებში მონაწილეობას, თუნდაც ეს იყოს თვითმმართველობის, როცა იცი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა და მისი ელექტორატი იქნება მობილიზებული. როდესაც გვაქვს სიტუაცია, რომ მინიმუმ ორი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს და შესაბამისად, მათი ელექტორატი არ იქნება აქტიური ამ არჩევნებზე, ეცადო, რომ მაინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, უბრალოდ არის ჭიდაობა საპატიო მეორე-მესამე ადგილისთვის. ესეც იმ პირობებში, როდესაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ ხელისუფლების სანუკვარი მიზნის გარე ლეგიტიმაციის მიღწევა.
არ მესმის ეს დისკუსია რატომ არის მაშინ როდესაც ძალიან ცალსახაა, რომ ოპოზიციური ელექტორატი, ოპოზიციური ძალები ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ნაწილი მაინც. ისინი, ვინც მიიღებენ მონაწილეობას ამ პირობებში, თავს იტყუებენ და ყველას ატყუებენ, თუ ამბობენ, რომ ისინი გასამარჯვებლად მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის ის, რაც ამ წუთშია. თუ ყველა გადაწყვეტს და საერთო მობილიზება იქნება, მაშინ შეიძლება აზრი ჰქონდეს. თუ ყველა არ წყვეტს და ვიცით, რომ არ წყვეტს… ვიცით, რომ შეუძლებელია ახლა მაგაზე საუბარი, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ციხეებში არიან. ასეთ პირობებში, ამაზე საუბარი, უბრალოდ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ეხმარება“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.