კარგია, რომ ზელენსკიმ არ გაატარა ის ნაწილი, სადაც მას ტრამპთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა – არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ჯარი იბრძვის და „დაჩმორებული“ პრეზიდენტის დანახვა თეთრ სახლში არავის სჭირდება – ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამან შეიძლება, პიროვნული ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვიოს და ნდობის გარეშე ძალიან რთული იქნება მერე უფრო წინ წასვლა, – ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში, კამერების წინაშე კამათზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ არის დარწმუნებული „რამდენად იყო დაგეგმილი მოლაპარაკებების ასეთი დასასრული“.
„გამოჩნდა, თუ სად იყო აზრთა სხვადასხვაობა. ეს იყო იმაში, რომ ტრამპისთვის და ვენსისთვის მნიშვნელოვანია ცეცხლის მალე შეწყვეტა, რაც არ ნიშნავს სამშვიდობო შეთანხმებას, უბრალოდ ახლა ბრძოლის გაჩერებას ნიშნავს. ისინი ამას მათ შორის, იმიტომ ცდილობენ, რომ ეს იყო ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება და მალე უნდათ, რომ ამაზე წარმატება ჰქონდეს. ასევე, არის ამერიკის მხარის ინტერესი, მინერალების შეთანხმება, რომელიც მას ერთი, რომ ეკონომიკურად სჭირდება, მეორე, იმისთვის, რომ თავისი ყოფნა გააჩინოს უკრაინაში, რათა მერე უფრო დიდ შეთანხმებაში, მოლაპარაკებებში მას უფრო მეტი სიტყვა ეთქმოდეს. ასევე, გავიგეთ, სად არის უკრაინის განსხვავება ამ ორთან დაკავშირებით. ის არ ენდობა უბრალო ცეცხლის შეწყვეტას, იმიტომ, რომ რუსეთს ბევრჯერ დაურღვევია. მას ეს მინერალების შეთანხმება, უბრალოდ მცირე ნაწილად მიაჩნია უფრო დიდი შეთანხმებების, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. ეს განსხვავება მათ შორის ისედაც ვიცოდით.
ძალიან ბევრჯერ ვუყურე. ამ მოლაპარაკებების ასეთი დასასრული რამდენად დაგეგმილი იყო, დარწმუნებული არ ვარ. იმის ჩვენება, რომ ეს არის ამერიკული განუხრელი პოზიცია, რომ ისინი ამერიკელების ინტერესებს იცავენ და უნდათ მშვიდობა და ამის ჩვენება ყველანაირად, ნამდვილად დაგეგმილი იყო. ბაიდენზე თავდასხმები და ამ კონტრასტში ჩვენება – ბაიდენმა რა ქნა და ჩვენ რას ვშვრებით, ეს ნამდვილად დაგეგმილი იყო. ამერიკელებს ამის გაკეთება ნამდვილად უნდოდათ, მაგრამ ამას რომ მერე ზელენსკის პასუხი მოჰყვებოდა, არ მგონია, ეს რაღაცნაირად ბოლომდე გათვლი ჰქონოდათ. კარგია, რომ ზელენსკიმ არ გაატარა ის ნაწილი, სადაც მას აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო და ასეთი შედეგი არ დამდგარიყო. უკრაინას არ აწყობს ამ შეთანხმების ასე გადადებაც. არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ჯარი იბრძვის და „დაჩმორებული“ პრეზიდენტის დანახვა თეთრ სახლში არავის სჭირდება. შესაბამისად, ეს მისთვის შიდაპოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ტრამპისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის ჩვენება, რომ ამერიკის ინტერესებს იცავს. ზელენსკიმაც აჩვენა, რომ ის უკრაინელების ინტერესებს იცავს. აქ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამან შეიძლება, პიროვნული ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვიოს და როგორც ჩანს გამოიწვია კიდეც. ახლა, ამის გამოსწორებაა მნიშვნელოვანი, რადგან პიროვნული ურთიერთობების გამოსწორებისა და ნდობის გარეშე ძალიან რთული იქნება მერე უფრო წინ წასვლა“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
გარდა ამისა, სერგი კაპანაძე გამოეხმაურა ლონდონში გუშინ გამართულ ევროპელი ლიდერების სამიტს და აღნიშნა, რომ „რაც ევროპაში ხდება, ტრამპის ექსტრავაგანტურმა, ცოტა უცნაურმა, აგრესიულმა, ფორსირებულმა მოლაპარაკებებმა გამოიწვია“.
„ბოლო რამდენიმე კვირის პროცესებმა აჩვენა სამი მნიშვნელოვანი რამ: ამერიკა, რომელიც შეიძლება განცდა შეიქმნას, რომ უკანა პლანზე იწევს, ნაცვლდება ევროპით. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ არა ევროკავშირით, არამედ ევროპით, ფართო გაგებით, მათ შორის ბრიტანელების ძალიან ძლიერი როლით. მათ შორის, იმ ევროპელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე, რომელიც ვიცით, რომ მხარს არ დაუჭერდა. მაგალითად, ორბანი. ეს კარგია, იმიტომ, რომ მსურველების ეს კოალიცია, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ევროკავშირის 27 სახელმწიფო, რომელიც აუცილებლად ჩაიკეტება ვეტოთი. შესაბამისად, უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ ამ ფორმატში. მეორე, პირველად გაჩნდა სერიოზული ნიშნები იმისა, რომ ევროპა თვითონ იქნება სამშვიდობო პროცესების წამყვანი, თვითონ შეიმუშავებს გეგმას, თვითონ ექნება ხედვა, როგორ უნდა გააკეთოს. მათ შორის, უბრალოდ კი არ მიიღებს ამერიკისა ან სხვების დაწერილ გეგმას, არამედ თავად იქნება პროაქტიულად ამის ავანგარდში, რაც სტარმერის მიერ გუშინ გაკეთებულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. მესამე, რაც გამოჩნდა ისაა, რომ ევროპული სახელმწიფოები პრინციპში, განიხილავენ, ერთი მხრივ, შეიარაღების გაზრდას და უფრო მეტი ფულის დახარჯვას თავდაცვაზე, ისე უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას. ეს სამივე ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც არ უნდა შევხედოთ ამას, რაღაც კონტექსტში, ეს ყველაფერი ტრამპის პოლიტიკამ გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვა ოვალურ ოფისში რაც მოხდა ზელენსკისთან მიმართებით. ჩემი აზრით, ძალიან ნათელია სიმპათიები ვის მხარეს უნდა იყოს, მაგრამ ტრამპის ასეთმა ექსტრავაგანტურმა, ცოტა უცნაურმა, აგრესიულმა, ფორსირებულმა მოლაპარაკებებმა გამოიწვია, მათ შორის, ეს შედეგი, რაც ევროპაშია. მგონია, რომ ახლა უკვე ევროპასა და ამერიკას შორისაც იქნება საკმაოდ სერიოზული საუბარი და როგორც ვხვდები ბრიტანელებიც და ფრანგებიც, აპირებენ ტრამპთან ამ თავის გეგმაზე სერიოზულ დისკუსიას. მეორე, როგორც ჩანს, ის, რაც ოვალურ კაბინეტში ჩავარდა იმ სკანდალის მერე, ისევე მაგიდაზეა. ვნახეთ ზელენსკის განცხადებები“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, კაპანაძის თქმით, „ტრამპს შანსი აქვს, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს“.
„ტრამპს შანსი აქვს, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს. მინერალების შეთანხმება ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რა თქმა უნდა, ზელენსკისა და უკრაინის დამოკიდებულება, რომ ისინი არაფრის სანაცვლოდ არ დათმობენ მინერალებს, თუ სერიოზულ გარანტიებს არ მიიღებენ, ეს ლეგიტიმურია. ის პირველი შეთანხმება, რასაც ხელი უნდა მოეწეროს და რაღაც ეტაპზე ალბათ, მოეწერება კიდეც, არის მხოლოდ და მხოლოდ, შეთანხმება იმაზე, რომ შეიქმნას ერთობლივი ფონდი და მის მოდალობებთან დაკავშირებით, მათ შორის უსაფრთხოებასთან და გეოგრაფიულ ლოკაციებთან დაკავშირებით ცალკე შეთანხმება უნდა დაიდოს“, – აღნიშნა კაპანაძემ.
გარდა ამისა, სერგი კაპანაძე გამოეხმაურა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გულშემატკივრობდე უკრაინის დამარცხებას, ნიშნავს, გულშემატკივრობდე საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას.
„თუ რუსეთი იმარჯვებს, თუ უკრაინა მარცხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა დავმარცხდით. რა თქმა უნდა, საქართველო რუსეთში აღმოჩნდება. თუ გავლენის სფეროებად დაყოფა ხდება, თუ პუტინი ამას აღწევს, რომ ხაზს ავლებს და ამბობს, ამის აქეთ არის ჩემიო, საქართველო სად ხვდება? როგორ შეიძლება ამას გულშემატკივრობდე და არ გესმოდეს, რომ ამით შენ შენი ქვეყნის სუვერენიტეტს დაკარგავ? მესმის, რომ ამათ შეიძლება უხარიათ, რომ კიდევ შეიძლება რამდენიმე წელი იყვნენ ხელისუფლებაში, რომ მეტი ფული გააკეთონ და შეიძლება, პირადად რეჟიმისთვის კარგია, მაგრამ ამაში უკრაინის წინააღმდეგ გულშემატკივრობა ხომ საქართველოს წინააღმდეგ გულშემატკივრობაა?!
თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქ თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მერე ამას აქ არ გააკეთებს და ივანიშვილის და ვიღაცების ლაქუცი ამისგან გადაარჩენს, უბრალოდ სიბრიყვის ზენიტია. ამიტომ ვამბობ, რომ ის სიხარული რაც აქ ისმის, რომ უკრაინა მარცხდება, ჯერ ერთი არ მარცხდება, მაგრამ სიხარულნარევი მოლოდინი, რომ „უკრაინა მარცხდება და რა მაგარია“, კატასტროფაა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
