ვინც კლოუნადის შედეგად იურიდიულად დაადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი, ამით ხელს მოაწერს იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი და დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ამას ექნება უმძიმესი შედეგები ჩვენი არაღიარების პოლიტიკის მხრივ, – ასე აფასებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ომი საქართველოს დააბრალოს.
„არაფერი ახალი ჩემთვის არ ხდება. ახალი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ომი საქართველოს დააბრალოს. ეს განცხადება პირდაპირ გააკეთა კობახიძემ. ამას ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები ექნება. საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება არის მიკუთვნებადი ქვეყანაზე და საქართველოზე – არ არსებობს განცალკევება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების ან პრეზიდენტის და ქვეყნის გადაწყვეტილებას შორის, ეს არის იდენტური რამ. ვინც ამ კლოუნადის შედეგად იურიდიულად დაადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი, ამით ხელს მოაწერს იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი და დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამას ექნება უმძიმესი შედეგები ჩვენი არ აღიარების პოლიტიკის მხრივ. ამას ექნება უმძიმესი შედეგები მომავალში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ არ იქნება ხელისუფლებაში და არავის ემახსოვრება, მაინც პრობლემას შეგვიქმნის“, – განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, კაპანაძემ „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის იმ პროცედურების გაგრძელება, რაც 2024 წელს დაიწყეს, რათა ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების სრული მონოპოლიზება მოახდინოს.
ამავე საკითხზე საუბრისას კაპანაძემ დაასახელა კონკრეტული პრობლემური საკითხები, რომელსაც აღნიშნული კანონი მისი აზრით გამოიწვევს.
„ეს არის კანონი, რითაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ის გადაწყვეტს ქართველ ხალხს ვინ დაეხმაროს და როგორ დაეხმაროს. ფაქტობრივად, დახმარების მიღებაზე უარს ეუბნება ძალიან ბევრ მოწყვლად ჯგუფს, ბევრ ადამიანს, რომელიც სარგებლობდა ამ დაფინანსებით, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ახორციელებდა. მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას იღებდა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ახლა ამ დახმარებას ვეღარ მიიღებს, რადგან „ქართულ ოცნება“ ასე თვლის.
მაგალითად, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით სამართალს ეძებდნენ ან ადამიანები, რომლებიც სოციალურ მომსახურებებს იღებდნენ არასამთავრობო სექტორიდან, ამას ახლა ვეღარ მიიღებს, რადგან ასე გადაწყვიტა ერთმა ადამიანმა. ეს არის კანონების პირდაპირ გადმოწერა რუსეთიდან და მასთან დაახლოებული ქვეყნებიდან. ესეც რუსული კანონია თავისი არსით, უბრალოდ სხვანაირი ფორმა აქვს, ისევე როგორც „ფარას“ გადმომღერება. ჩვენთვის ამაში ახალი არაფერია, ეს არის იმ პროცედურების გაგრძელება, რაც 2024 წელს დაიწყეს, რათა არასამთავრობო ორგანიზაციების სრული მონოპოლიზება მოახდინონ“, – აღნიშნა კაპანაძემ.
მისივე შეფასებით, საფრთხე უფრო ფუნდამენტურია, როგორც კაპანაძე ფიქრობს, საფრთხე უდგას ქვეყანას, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ისინი ამა თუ იმ ფორმით არსებობას გააგრძელებენ.
„პრობლემა არის ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენ კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში ჩაგვაგდებს. ასეთი ტიპის კანონებით ვერასდროს წავალთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა საელჩო რაღაც ეტაპზე ქუდს დაიხურავს და ამ ქვეყნიდან წავა. ეს არის არადემოკრატიული გადაწყვეტილებების კასკადი, რომელიც ქვეყანას აქცევს ღრმა იზოლაციაში, ამიტომ პრობლემა უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. უფრო მეტიც, ეს ნაბიჯები აჩქარებს კიდევ უფრო მეტ პრობლემას, იქნება ეს ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაუქმება, ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება და სხვა“,- განაცხადა კაპანაძემ.
