ქალბატონმა ბოჭორიშვილმა მოახერხა და ინსტიტუცია, რომელიც იყო ძალიან ძვირფასი ქვეყნისთვის, აქცია უწყებად, რომელშიც ისჯება აზრის გამოხატვა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ისტორიაში , – ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციაზე საუბრისას განაცხადა.
სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოუშვეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გამოუშვეს იმის გამო, რომ მათ ხელმოწერა დააფიქსირეს წერილზე, რომ საქართველოს გზა არის ევროატლანტიკური ოჯახისკენ,
„ამ რეჟიმს არ სჭირდება საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელშიც იმუშავებს ძალიან ბევრი პატრიოტი, რომელიც მზად არის, რომ დაიცვას კონსტიტუცია. ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოუშვეს იქედან, გამოუშვეს ძალიან მარტივი რამის გამო, მათ ხელმოწერა დააფიქსირეს წერილზე, რომ საქართველოს გზა არის ევროატლანტიკური ოჯახისკენ, ამის გამო გამოუშვეს. ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ არ იბრძოლოს, არ იხმაუროს იმიტომ, რომ საგარეოში მომუშავე ადამიანები განსხვავებული ადამიანები არიან.
რამდენიმე ათეული ადამიანი არის გათავისულებული. მათ შორის ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით იყვნენ ხერხემალი მთელი რიგი მიმართულებების საგარეოში და მათი ჩანაცვლება იქნება ძალიან რთული. მათი ჩანაცვლება რეალურად არც მოხდება იმიტომ, რომ ეს პრიორიტეტი აღარ აქვს ამ ხელისფლებას.
ასეთი ტიპის რეჟიმებს სჭირდებათ ისეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო დავალებებსაც კი. არ მინდა ყველას შეურაცხყოფა მივაყენო, იქ არიან პატრიოტი ადამიანებიც, რომლებიც თავს ირწმუნებენ, რომ ისინი ისევ ქვეყნის ინეტრესებს მოემსახურებიან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძემ გადაცემაში ისაუბრა იმ ფაქტის შესახებაც, რომ ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს.
სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს და ვიზალინერალიზაციას დავკარგავთ.
„ახლა რა ტრაექტორიაზეც ვართ, საქართველო სამწუხაროდ დაკარგავს ვიზალიბერალიზაციას. სტუდენტები, რომლებიც დადიან სეზონურად მუშაობენ ევროპაში, აკეთებენ ფულს და ჩამოაქვთ და თავის თავს ირჩენენ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ადგებიან და დაკარგავენ ამ შესაძლებლობას. ადამიანები, რომლებიც ავადმყოფობენ, რომლებიც მიდიან საფრანგეთში თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში და მკურნალობენ, დაკარგავენ ამ შესაძლებლობას. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ისარგებლონ ბევრი სიკეთით, რომელსაც ევროპა მათ აძლევს. უვიზო რეჟიმის შეჩერება დიდ დარტყმას მიაყენებს ჩვენთან ავიაფრენებს. იაფი ავიახაზები, რომლებიც საქართველოშია, არიან იმიტომ, რომ მარტივია აქედან წასვლა. უვიზო რეჟიმით სარგებლობს ბევრი ადამიანი, რომლებიც მიდიან საზღვარგარეთ მშობლების და თავიანთი ნათესავების სანახავად, რომლებიც ემიგრაციაში არიან. აღარაფერს ვამბობ დასასვენებლად წასვლაზე. ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი რამ, რაც საქართველომ შეიძინა ბოლო წლების განმავლობაში. შეძენა არ იყო „ქართული ოცნების“ დამსახურება და ამის დაკარგვა სამწუხაროდ პირდაპირ „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება.
მე ვამბობ, რომ სამწუხაროდ დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციას, რადგან ვხედავთ როგორი რეაქცია აქვს „ქართულ ოცნებას“. მათ ეს წერილიც და განცხადებაც გამოიყენეს პროპაგანდისტული მიზნებისთვის. სრულიად არაადეკვატური აქცენტები დასვეს. მოახდინეს მისი შეპირისპირება დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტთან ტრადიციებთან, მშვიდობასთან. როცა ამას აკეთებენ, გასაგებია, რომ მათ იციან, რომ ისინი ამ სიკეთეს დაკარგავენ. ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკომისია აყენებს, არ არის შესრულებადი „ოცნების“ მიერ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
