ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრში გამართული მრგვალი მაგიდის ფარგლებში თქვა, რომ საქართველო აფხაზეთისთვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ კრახი განიცადა საქართველოს იმედმა, სამხედრო გზით მიეერთებინა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, საქართველო ჩვენი ქვეყნისთვის ძირითად საფრთხედ რჩება. პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელსაც საქართველო განიცდის და ეკონომიკურმა პრობლემებმა ჩვენ არ უნდა დაგვამშვიდოს. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უარი თქვა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. ამავე დროს, ვხედავთ, რომ ოპოზიციური ძალები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კვლავ წარმოადგენენ ომის განახლების საფრთხეს“, – თქვა შამბამ.
შამბამ 2020 წლიდან აფხაზეთის სამხედრო ბიუჯეტის „მნიშვნელოვან ზრდაზე“ მიუთითა.
„ზომები მიიღება ჩვენი უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ასევე გარანტირებულია რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული კავშირით. მით უმეტეს, საგარეო პოლიტიკური საქმიანობა უნდა ვაწარმოოთ დაბალანსებული დიპლომატიური აქტივობით, რომელიც მიმართულია ომის საფრთხის თავიდან აცილებისა და იმ ქვეყნების წრის გაზრდისკენ, რომლებიც აღიარებენ ჩვენს დამოუკიდებლობას“, – თქვა მან.
საქართველოს ხელისუფლებამ მეორე ფრონტის გახსნის სურვილში ოპოზიცია არაერთხელ დაადანაშაულა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი აქვთ ოპოზიციას და დასავლელი პარტნიორების ნაწილს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები საჯარო კომენტარებში ამბობენ, რომ ოპოზიციას სურს, საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართოს და „მეორე ფრონტი“ გაიხსნას.