დონალდ ტრამპს ნატო-სთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ესმის , – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც საჯაროდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წინა ადმინისტრაციის თავხედური ხაზია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, ეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე რამდენჯერმე გაიმეორა.
„ეს უკვე სიგნალია იმისა, რომ მას ჩვენი პოზიცია ესმის. პრეზიდენტმა პუტინმა მასთან სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინას ხელახლა შეიარაღების საშუალებას მისცემს, არამედ ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობა, რომელიც კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა ლავროვმა.
