რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მშვიდობის სამიტში“ და ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს თვალყურს არ ადევნებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შეუძლებელია გამოიცნო, რაზე მიუთითებს ზელენსკის საჯარო აღიარება დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ. ეს ფიგურა მუდმივად რაღაცას აცხადებს. თვალყურის დევნება შევწყვიტეთ, ჩვენ გვჯერა არა განცხადებების, არამედ ფაქტების, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება კიევის რეჟიმს. არაერთხელ განვაცხადე, რომ არ ვაპირებთ მონაწილეობას „მშვიდობის სამიტში“, თუნდაც მოწვევა მივიღოთ“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, კიევს ჯერ არ გაუუქმებია 1991 წლის საზღვრებში “უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის” აღდგენისა და ამ საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანის ამოცანა.
„ეს ამოცანა ფიგურირებს ვოლოდიმირ ზელენსკის „სამშვიდობო ფორმულაში”. ოქტომბერში გაიმართა შეხვედრები “მშვიდობის მეორე სამიტის” მოსამზადებლად. მათ სურთ რუსეთი მიიწვიონ, როგორც გვესმის, იმისთვის, რომ რაღაც ულტიმატუმი წამოგიყენონ“, – აღნიშნა ლავროვმა.