რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ვენესუელაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ავრცელებს.
მარია ზახაროვას ცნობით, სერგეი ლავროვი კარაკასში ვენესუელელ კოლეგასთან, ივან გილ პინტოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. ასევე, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს შეხვდეს.
სერგეი ლავროვი ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს, ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ თემებს და ორ ქვეყანას შორის კოორდინაციის საკითხებს განიხილავს.
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ლავროვის ვიზიტის წინ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას ვლადიმერ პუტინისგან მნიშვნელოვან გზავნილს გადასცემს.
ცნობისთვის, ვენესუელაში ჩასვლამდე სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით კუბაში იმყოფებოდა.