რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე ალასკაში აშშ–რუსეთის მოლაპარაკებებზე თავის მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს არგუმენტები, გვაქვს მკაფიო, ზუსტი პოზიცია. ჩვენ მას დავაფიქსირებთ. სტივენ უიტკოფის ვიზიტების დროს აქ უკვე ბევრი რამ გაკეთდა, პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა. უიტკოფმა პრეზიდენტ ტრამპის სახელით ისაუბრა. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ ძალიან სასარგებლო საუბარს გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი დღეს ალასკაში შეხვდებიან ერთმანეთს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გუშინ განაცხადა, რომ ლიდერების შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. მისი თქმით, პუტინი და ტრამპი ჯერ პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი დელეგაციების მონაწილეობით.
