სერბეთი საფრანგეთისგან სამ მილიარდ ევროდ ახალი თაობის 12 ავიაგამანადგურებელს შეიძენს
ხუთშაბათს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, მაკრონთან ერთად პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საფრანგეთთან 3 მილიარდი ევროს შეთანხმება დადო 12 ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავის შესაძენად. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბელგრადში ორდღიანი ვიზიტით 29 აგვისტოს ჩაფრინდა.
„ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება. ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირის სახელმწიფოებს, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსაც. სწორედ ამიტომ, სერბეთის არჩევანი, შეიძინოს ფრანგული რაფალი, აშკარა გამოხატულებაა ჩვენი ორი ქვეყნის გრძელვადიანი ალიანსისა უფრო ძლიერ და სუვერენულ ევროპაში“, – განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.
მაკრონის აზრით, ამ ნაბიჯით ისინი ხელს შეუწყობენ სერბეთის ევროკავშირთან დაახლოებას და ეს სტრატეგიული გათვლაა. ფრანგული რაფალის შეძენით სერბეთი განაახლებს საკუთარ საჰაერო ძალებს და ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსულ ტექნიკაზე. სერბეთი ორი წლის განმავლობაში ცდილობდა საფრანგეთთან შეთანხმების მიღწევას მას შემდეგ, რაც ხორვატიამ 12 რაფალი შეიძინა 1 მილიარდ ევროდ.
აქამდე რუსეთი მიიჩნეოდა სერბეთის მთავარ იმპორტიორად, რომელიც ბელგრადს ძირითადად მიგ-29-ით ამარაგებდა. აღსანიშნავია, რომ სერბეთი არ შეუერთდა სანქციების პაკეტს მოსკოვის წინააღმდეგ და აგრეთვე, საუბარი დაიწყეს იმაზეც, თუ როგორ აპირებს საფრანგეთი რაფალების რუსეთისთვის გადაცემის საფრთხის პრევენციას.
„ეს ჩვენთვის დიდი სიახლეა. ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 2.7 მილიარდი ევროა და მოიცავს 12 სრულიად ახალი საბრძოლო თვითმფრინავის შეძენას სრული ლოგისტიკური პაკეტით, რომელიც მალე სერბეთის რესპუბლიკის ხელში იქნება“, – აცხადებს ვუჩიჩი.
სერბეთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. თუმცა ვუჩიჩის ავტოკრატიული მმართველობის ფონზე ბელგრადის პროგრესი დემოკრატიული რეფორმების გატარებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხში მიზერულია. ემანუელ მაკრონი თვლის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ სერბეთის „ბალანსის პოლიტიკა“ მხოლოდ ილუზიაა და ბელგრადისგან თანამშრომლობას უნდა ველოდოთ.
წყარო: euronewsgeorgia